„ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი“ სკოლებში - გამომცემელთა ასოციაცია რეფორმის საფრთხეებზე საუბრობს

13.09.26 17:19
„ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი“ სკოლებში - გამომცემელთა ასოციაცია რეფორმის საფრთხეებზე საუბრობს

განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებულ „ერთი სახელმძღვანელოს პრინციპს“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ღია წერილით ეხმაურება. ორგანიზაციის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილების შედეგად სკოლებში კონკრეტული საგნისთვის ერთი სახელმძღვანელო განისაზღვრება, რაც პედაგოგებს სასწავლო რესურსის არჩევის შესაძლებლობას შეუზღუდავს.

ასოციაციის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ დღეს მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, სახელმძღვანელო კლასისა და მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით შეარჩიონ, ახალი მოდელის პირობებში კი ეს არჩევანი აღარ ექნებათ.

ღია წერილში საუბარია სახელმძღვანელოების შინაარსზეც. ასოციაცია მიუთითებს რისკზე, რომ ერთიანი სახელმძღვანელოების შექმნისა და შერჩევის პროცესზე შესაძლოა პოლიტიკური გავლენა გაიზარდოს და მათი შინაარსი ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგს მოერგოს.

იმ ქვეყნებში, სადაც ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი მოქმედებდა და ასეთი იყო, მაგალითად, ორბანის უნგრეთში, საგანმანათლებლო გამომცემლობების უმრავლესობა გაკოტრდა. ცხადია, რომ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი ბევრ რამეს აზიანებს. ის, რომ მასწავლებლებს არ აქვთ საშუალება, აარჩიონ მათთვის სასურველი მეთოდიკა და ეს მრავალფეროვნება, რაც იყო აქამდე, იძლეოდა იმის საშუალებას, სხვადასხვა ავტორის, სხვადასხვა გამომცემლობის წიგნებს შორის გაეკეთებინათ სკოლებს და მასწავლებლებს არჩევანი, - ამბობს საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაციის წევრი თინა მამულაშვილი.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ცვლილების გავლენაზე საგამომცემლო სექტორზეც საუბრობს. მათი განცხადებით, სახელმწიფოს მიერ სახელმძღვანელოების ბაზრის მონოპოლიზებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს კერძო გამომცემლობების საქმიანობა და სამუშაო ადგილები შეუქმნას საფრთხეს ავტორებს, რედაქტორებს, მთარგმნელებს, დიზაინერებსა და საგამომცემლო სფეროში დასაქმებულ სხვა პროფესიონალებს.

ასოციაციამ ღია წერილი განათლების მინისტრ გივი მიქანაძის მიერ დაანონსებული რეფორმის საპასუხოდ გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები