კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში ქვათაცვენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში ქვათაცვენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ განმეორებითი ქვათაცვენის საფრთხე მინიმალურია. უწყების ცნობით, უახლოეს დღეებში დაიწყება ჩამოშლილი მასალის გატანა, დამცავი ბადეების მონტაჟი და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.
ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით ქვათაცვენის პროცესი ვითარდება, რადგან კომპლექსი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ქვათაცვენის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, მაღალი რისკის შემცველ უბნებზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ დამცავი ბადეებია დამონტაჟებული. ტერიტორია სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მიმდინარე წელს, ვარძიაში, ე.წ. „საიდუმლო გვირაბის“ მიმდებარედ ქვათაცვენის გააქტიურებულმა პროცესმა საფეხმავლო ბილიკი და დამცავი მოაჯირი დააზიანა. მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა და ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული მონაკვეთი დროებით დაიხურა. დღეისათვის, ე.წ. „საიდუმლო გვირაბის“ მიმდებარედ არსებული ვითარება აღწერილი და შესწავლილია სააგენტოს წარმომადგენლების და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგების მიერ. მდგომარეობის შეფასების შედეგად დადგენილია, რომ განმეორებითი ქვათაცვენის საფრთხე მინიმალურია, შესაბამისად უახლოეს დღეებში დაიწყება ჩამოშლილი მასალის გამოტანა, დამცავი ბადეების მონტაჟი და დაზიანებული მოაჯირების აღდგენა. სამუშაოების დასრულებისთანავე, ვიზიტორებისთვის ვარძიის მთელ ტერიტორიაზე გადაადგილება სრულად აღდგება. აღსანიშნავია, რომ ვარძია ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად ნებისმიერი ჩარევა/ღონისძიება ხორციელდება მხოლოდ წინასწარ ჩატარებული სპეციალური კვლევებისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის საფუძველზე, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს, - ნათქვამია განცხადებაში.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ისტორიული ძეგლის, ვარძიის ნაწილი საფრთხის გამო დაკეტეს -ხალხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 4 თვეა, რაც ვარძიაში, გვირაბების ბოლო ნაწილი უსაფრთხოების გამო ჩაკეტილია.