ოთხწლიანი „მშენებლობა“ და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - რა ხდება დმანისში
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც დმანისში დაზიანებული გზაა ასახული, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „პირველები“ ადგილზე ჩავიდა და გადაამოწმა, რა მდგომარეობაშია ქალაქის ინფრასტრუქტურა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზიანებული გზების გამო გადაადგილება ყოველდღიურ პრობლემად იქცა. მათი თქმით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიამ ოთხი წლის წინ დაიწყო, თუმცა პროცესი არაერთხელ შეჩერდა და დღემდე არ დასრულებულა.
ვიდეოს ავტორი, დმანისელი აქტივისტი ლაშა ჩხვიმიანი ამბობს, რომ წვიმის დროს გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება, რის გამოც მოსახლეობას ბაღებში, სკოლებსა და სამსახურებში მისვლა უჭირს.
დმანისელებს ადგილობრივი ხელისუფლების სხვა შეუსრულებელი დაპირებებიც ახსენდებათ. მათ შორისაა სკოლების გაჭიანურებული რეაბილიტაცია. დმანისის საჯარო სკოლის პედაგოგი ვერიკო გოცირიძე ამბობს, რომ სამუშაოები მუნიციპალიტეტის სოფლებშიც შეფერხებულია და უკვე მეხუთე წელია, მოსწავლეების ნაწილს განათლების მიღება საკუთარი სკოლის შენობის მიღმა უწევს.
მისი თქმით, სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას რეაბილიტაციის უმოკლეს ვადაში დასრულებას ჰპირდებოდა, თუმცა სოფელ განთიადის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელსაც საკუთარ სკოლაში ვერ შეხვდებიან.
„პირველების“ გადამღები ჯგუფი იმ ადგილზეც მივიდა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მყოფმა პირებმა, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, მერიის წარმომადგენლები იყვნენ, საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვეს. ჟურნალისტი შეეცადა გაერკვია, რატომ გაჭიანურდა სამუშაოები და როდის დასრულდება რეაბილიტაცია, თუმცა ადგილზე მყოფებმა კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდეს.
ვრცლად ნახეთ ქრისტი მარია ოსიაშვილის რეპორტაჟში.