კომპანია „ნოვას“ საწყობის ეზოში აფეთქება მოხდა
ფეიქრების ქუჩაზე, კომპანია "ნოვას" საწყობის ეზოში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა ეზოში მყოფი გაზის რეზერვუარი, დაზიანდა საწყობის ნაწილი.
დამწვარია საწყობში არსებული სამშენებლო მასალები და დაზიანდა გარშემო მდებარე საცხოვრებელის სახლებიც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომპანია „ნოვა“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად შენობის ფასადის ნაწილი დაზიანდა.
კომპანიის განცხადებით, ამ დროისთის მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა.
„დღეს, „ნოვას“ გურამიშვილის გამზირზე მდებარე საწარმოო ტერიტორიაზე დაფიქსირდა ტექნიკური ინციდენტი. საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად დაზიანდა შენობის ფასადის ნაწილი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დაუყოვნებლივ განხორციელდა უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები. ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. „ნოვას“ გაყიდვების ობიექტები და კომპანიის სხვა სტრუქტურული ერთეულები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ“,-აღნიშნულია განცხადებაში.