აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა

16.09.26 11:00
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა

ცნობილია რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ Enka Renewables-ის დავასთან დაკავშირებით. 

2026 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით, საქართველოს მთავრობას კომპანია “Enka Renewables”-ისთვის 350 მილიონ აშშ დოლარზე მეტის, ასევე შესაბამისი საპროცენტო განაკვეთის გადახდა დაეკისრა.

რა ვიცით დავასთან დაკავშირებით?

  • ამერიკულ სასამართლოში იჩივლა კომოანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა. მან აშშ-ის სასამართლოს მიმართა და საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა.

ცნობილია, რომ 2024 წლის დეკემბერში საქართველომ „ენკასთან“ საარბიტრაჟო დავა წააგო. მაშინ პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ენკასთვის“ 383.2 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. ამის შემდეგ „ენკამ“ აშშ-ში კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მიმართა და პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა. კომპანია კომპენსაციასთან ერთად, გადაცილებულ დღეებზე პროცენტის დარიცხვასაც ითხოვდა. 

  • საფრანგეთის სასამართლოში განხილვების დასრულებამდე კომპენსაციის აღსრულება შეჩერებული იყო. თუმცა, ახლა უკვე აშშ-ის სასამართლოს განაჩენით მისი აღსრულების პროცესის დაძვრა არის განსაზღვრული.

ამის შემდეგ, ENKA Renewables-მა მიმართა აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს იმიტომ, რომ აშშ არის არბიტრაჟის შესახებ 1958 ნიუ-იორკის საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერი მხარე და მისი იურისდიქციის გამოყენება მოდავე მხარეებს სამართლიანად შეუძლიათ. 

ხელშეკრულება ENKA -სა და  საქართველოს მთავრობას შორის  წლების წინ დაიდო. შეთანხმების მიხედვით, რიონის ხეობაში  მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის კომპლექსი უნდა აშენებულიყო, თუმცა მას საზოგადოების მკვეთრი რეაქცია მოჰყვა და არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. 

ამის შემდეგ, "ნამახვანჰესის" მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ 2021 წლის სექტემბერში უარი თქვა ჰესის აშენებაზე და საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.

მოსამართლემ დაასკვნა, რომ  “ენკამ” აქტივები საქართველოს გადასცა სამართლიანი საბაზრო ღირებულებით. თუმცა, საქართველო არ დაეთანხმა შეფასებას და უარი განაცხადა თანხის გადახდაზე, რითაც უარყო ვალდებულებების დარღვევის ფაქტიც.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო სასამართლომ პარიზში პროცესი 2022 წლის მაისში დაიწყო. სარჩელის შეტანიდან თითქმის ორ წელიწადში ტრიბუნალმა დაადგინა, რომ საქართველომ ხელშეკრულება არსებითად დაარღვია.  ფრანგული სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ენკას” უნდა მიეღო აქტივების სრული საფასური, დაახლოებით 350 მილიონი აშშ დოლარი, პლუს საპროცენტო სარგებელი.

2025 წლის იანვარში საქართველომ პარიზის სააპელაციო სასამართლოში არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, “ენკამ” კი გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურები შტატებში მოითხოვა.

"ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ENKA-ს მთავრობის ქმედებების საარბიტრაჟო ტრიბუნალში გასაჩივრება შეეძლებოდა.

მსგავსი სიახლეები