პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ სააპელაციოს ეტაპზე გრიგოლ ლილუაშვილისგან აღიარება მოისმინოს
პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ სააპელაციოს სასამართლოს ეტაპზე, გრიგოლ ლილუაშვილმა ბრალდების მხარეს საპროცესო შეთანხმების თაობაზე მიმართოს და სუს-ის ექს-შეფისგან აღიარება მოისმინოს.
ამის შესახებ დღეს, განაჩენსი გამოცხადების შემდეგ საქმის პროკუორმა, მარიამ ბერძენიშვილმა "პირველების" მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
თუ ის სურვილს გამოთქვამს საპროცესო შეთანხმების გაფორმების, თუ სახეზე გვექნება აღიარება, ბუნებრივია, ჩვენც შესაბამისად განვიხილავთ ამ განცხადებას.
მოლოდინი ყოველთვის ყველაფრის შეიძლება გვქონდეს, გამორიცხული არასდროს არაფერი არ არის". - განაცხადა პროკურორმა.
მარიამ ბერძენიშვილის მტკიცებით, გრიგოლ ლილუაშვილისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, გარანტირებულად დაცული იყო.
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო წესით განაჩენის გასაჩივრებას. რადგან ბრალდებული არ აღიარებდა, ბუნებრივია, მაქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარე გაასაჩივრებს დღეს გამოცხადებულ განაჩენს. თუ ისინი აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ, ესეც მათი უფლებაა. სამართლიანი სასამართლოს უფლება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, გარანტირებულად დაცული იყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. დაცვის მხარეს ყველაფრით შეეძლო ესარგებლა, რა ბერკეტიც არსებობს. ისინი არცერთ ეტაპზე არ შეზღუდულან რაიმე გარემოებით. თუნდაც დროის თვალსაზრისით, ისინი არასდროს ყოფილან შეზღუდული“, - განაცხადა პროკურორმა.
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. ნინო თარაშვილმა ექს-მაღალჩინოსანს 13 წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.
უფრო კონკრეტულად: ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ოთხივე ეპიზოდზე.
რას ედავებოდნენ ლილუაშვილს?
- ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
- პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.
მსგავსი სიახლეები
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.