ანალიზებში საკვებით ინტოქსიკაცია დასტურდება - რას ყვება კლინიკაში გადაყვანილი ბავშვის მშობელი
თბილისის 31-ე ბაგა-ბაღია აღსაზრდელის მშობელი ამბობს, რომ შვილი გუშინ ღამით პირ-ღებინებით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა, გამოწერისას კი კლინიკის დერეფანი ბავშვებით გადავსებული დახვდა.
ქალის თქმით, როგორც მისი შვილის ისე სხვა ბავსვების ანალიზებში საკვებით ინტოქსიკაცია დასტურდება.
გუშინ რომ მივიყვანე, შეჭამა ფაფა - მანი-ქაშა, რძე დალია და კარაქიანი პური. ანუ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, ბაღში მოიწამლა ბავშვი. ღამე დაეწყო ღებინება, მერე კლინიკაში რომ გადავიყვანე, გარეთ დამხვდა პოლიცია, რომელამც გამაჩერა და მკითხა, რომელი ბაღიდან-ხარო? მეთქი, ბაღი რა შუაშია? რა რა შუაშია, შეიხედე შიგნით რა ხდებაო. ბაღიდან მოწამლული ბავშვები არიან მოსულებიო. ვუთხარი, 31-ე საჯარო ბაღიდან ვარ-თქო. ახლა გამოგვწერეს სახლში, იაშვილის კლინიკაში ვიმყოფებოდი, ის ანალიზებიც აუღეს. ანალიზებშიც დასტურდება, რომ საკვებით ინტოქსიკაციაა. ბაღის ბავშვი ვინც იყო, ყველას ერთი და იგივე პასუხი მოუვიდა ანალიზში, ერთი და იგივე ინტოქსიკაცია იყო. ჩემი ბავშვის ჯგუფიდან 10-დან 7-მა მომწერა, ჩემს შვილსაც მსგავსი სიმპტომები აქვსო. რამოდენიმე დღეს კლინიკაშია გადაყვანილი. მძიმეა მდგომარეობა, ბავშვი სუსტად არის, ღებინება აქვს", - ამბობს მშობელი.
ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, 7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ინტოქსიკაციის გამო "პირველების" ინფორმაციით, შემდეგი ბაღები დაიკეტა:
59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე.
ირკვევა, რომ ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.