აგვიხსენით, რომელი კომპანია, რას და სად წარმოებულს აჭმევს ჩვენს შვილებს - მერიის ყოფილი თანამშრომელი კალაძეს მიმართავს
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, თაია მახარაშვილი კახა კალაძის უწყებისგან ითხოვს, გასაჯაროვდეს რომელი კომპანია, რას და სად წარმოებულს აჭმევს ბაგა-ბაღებში ბავშვებს.
"მითი იმაზე, რომ ყოველდღიურად მოწმდება პროდუქტები, თქვენს შვილებს მოუყევით ზღაპრად" - წერს თაია მახარაშვილი სოციალურ ქსელში.
ვაზუსტებ: დღეს ამოღებულია რძის პროდუქტები. ხორცი მენიუში რჩება. ახლა კეთილი ინებოს მერიამ და კარგად აგვიხსნას, რომელი კომპანია, რას და სად წარმოებულს აჭმევს ჩვენს შვილებს. საჯარო ინფორმაციაა და კეთილი ინებეთ, დადეთ!
მითი იმაზე, რომ ყოველდღიურად მოწმდება პროდუქტები, თქვენს შვილებს მოუყევით ზღაპრად. თბილისის მერია / Tbilisi City Hall თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო", - წერს თაია მახარაშვილი.
- თაია მახარაშვილი თბილისის მერიაში კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. იგი 2024 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს, მისი თქმით, აქციებზე დგომის გამო.
ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, 7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა.
ინტოქსიკაციის გამო "პირველების" ინფორმაციით, შემდეგი ბაღები დაიკეტა:
- 59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე.
ირკვევა, რომ ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.