„თუ სკოლა ავარიული იყო, რატომ დაიწყეთ სწავლა?“ - თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები პასუხებს ითხოვენ

18.09.26 14:09
„თუ სკოლა ავარიული იყო, რატომ დაიწყეთ სწავლა?“ - თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები პასუხებს ითხოვენ

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები სკოლის შენობასთან არიან შეკრებილი და პასუხისმგებელი უწყებებისგან განმარტებებს ითხოვენ. პროტესტის მონაწილეების მთავარი კითხვაა - თუ შენობა ავარიული იყო და მისი დემონტაჟი აუცილებელი გახდა, რატომ დაიწყო სკოლაში ახალი სასწავლო წელი და რატომ შეატყობინეს ამის შესახებ მშობლებს მხოლოდ ორი დღის შემდეგ.

შეკრებილები შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროებასა და კონკრეტული პასუხების მიღებას ითხოვენ. მათი თქმით, ამ დრომდე გაურკვეველია, რა გარემოებების საფუძველზე იქნა მიღებული შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება და რატომ არ მოხდა სასკოლო საზოგადოების წინასწარ ინფორმირება. ადგილზე ამ დროისთვის არ ჩანს სკოლის დირექტორი, რომლისგანაც მშობლები და პედაგოგები ასევე განმარტებებს ელოდებიან.

მარტის თვეში აქ, სკოლაში ჩვენთან მოვიდნენ და შეამოწმეს რეაბილიტაციის კუთხით, რა შეიძლებოდა, სკოლისთვის გაკეთებულიყო. შემოწმდა და დათვალიერდა ყველაფერი და ჩაისვა დემონტაჟის რიგებში ჩვენი სკოლა და ვიცოდით, რომ ზაფხულის პერიოდში გეგმებოდა ჩვენს სკოლაში პატარა სამუშაოები, ჭერი გაფუჭებული იყო, ცოტა წვიმა ჩამოდის, მოწესრიგებაზე ვფიქრობდით. დაგვაცლევინეს კლასები. მოვედით სექტემბერში და არაფერი იყო გაკეთებული, რასაც ვფიქრობდით, რომ შეავლებდნენ ხელს და შემდეგ დავიწყეთ ჩვენივე სახსრებით, მშობლების დახმარებით, თუ რამე შევძელით ჩვენ, პედაგოგებმა, კედლები ხელით ვხეხეთ, დავიწყეთ სწავლა და გუშინ უცბად მოვიდა ბრძანება, რომ არცერთი ბავშვი სკოლაში არ სევიდეს, შევწყვიტოთ ხვალიდან სწავლა, ჩაინიშნა პედსაბჭო ონლაინ რეჟიმში, - ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი. 

"პირველების" ინფორმაციით, სკოლის შენობაში განათლების სამინისტროს წარომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც სამეურვეო საბჭოს სხდომას ესწრებიან. სწორედ ამ სხდომაზე გადაწყდება, რა ბედი ელის აღნიშნულ სკოლის შენობას. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მშობლების ინფორმაციით, ამის შესახებ შეტყობინება მათ სწავლის დაწყებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ მიიღეს.

მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სკოლის, ყოფილი მე-6, ე.წ. „გერმანული სკოლის“ შენობა ავარიულად გამოცხადდა და, როგორც მათ ადმინისტრაციამ აცნობა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასწავლო პროცესი უნდა შეჩერდეს.

ამ დროისთვის უცნობია, სად და რა ფორმით გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას. მშობლების განცხადებით, სკოლის ადმინისტრაცია მათ დაჰპირდა, რომ შემდგომი სასწავლო პროცესის შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიაწვდის.