ე.წ. ჩორჩანას საქმე - სასამართლოში მამუკა ბახტაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
ე.წ. ჩორჩანას საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ბახტაძე 2019 წელს, როცა სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგო ჩაიდგა, პრემიერ-მინისტრი იყო.
ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიების ეტაპზე ჩვენება მიცემული აქვს. როგორც გახარიას ადვოკატები ამბობენ, ბახტაძე ჩვენებაში ამბობს, რომ საგუშაგოს შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, რადგან თანამდებობიდან წასვლისთვის ემზადებოდა.
"პირველების" ინფორმაციით, ბრალდების მხარე დღეს ასევე გეგმავს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას გამოკითხვასაც.
ყოფილი მაღალჩინოსანი პროკურატურისთვის 2025 წლის 23 ივლისს მიცემულ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ სოფელ ჩორჩანაში ქართული საგუშაგოს გახსნა ტელევიზორიდან შეიტყო. ექსმინისტრმა მაშინ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ "ქართული ოცნების" განცხადებების მსგავსად თქვა, რომ 2019 წელს "ტერიტორიები დაიკარგა" და პასუხისმგებლობა გიორგი გახარია დააკისრა.
ლევან იზორია 2019 წელს თავდაცვის მინისტრი და უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი იყო. ცნობისთვის, კანონის თანახმად, მას უფლება ჰქონდა, ამბის გაგებისთანავე საბჭოს შეკრება მოეთხოვა და რისკები გუნდთან ერთად განეხილა.
- 2019 წელს, ქართულ სოფელ ჩორჩანაში, ოკუპაციის ხაზთან ახლოს, პოლიციის საგუშაგოს აშენების გამო „ქართული ოცნება“ ყოფილ თანაგუნდელს, ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერ გიორგი გახარიას ადანაშაულებს.
- 20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ პრემიერ-მინისტრს 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება.