ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის საძირკველი ამოთხრილია, ეს საქართველოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს - საინგილოს ახალგაზრდული მოძრაობა
საინგილოში, ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის გარე და შიდა საძირკველი ამოთხრილია - ფაქტს საინგილოს ახალგაზრდული მოძრაობა აპროტესტებს.
მათი თქმით, ეს პროცესი აღმაშფოთებელია, რადგან სამუშაოები საქართველოს მხარესთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს.
საკმაოდ მძიმე დასანახია ადგილობრივი მართლმადიდებელი ქართველებისთვის, საქართველოს ხელისუფლების უყურადღებობის გამო ხდება ის, რაც ხდება"- წერია საინგილოს ახალგაზრდული მოძრაობის განცხადებაში, რომელსაც სააგენტო "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის გარე და შიდა საძირკველია ამოთხრილი. ასეთი ფაქტი აღმაშფოთებელია რადგან, საქართველოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს ეს პროცესი.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, რეაბილიტაციას არ ეხება ეს საკითხი და საკმაოდ მძიმე დასანახია ადგილობრივი მართლმადიდებელი ქართველებისთვის.
საქართველოს ხელისუფლების უყურადღებობის გამო ხდება ის, რაც ხდება. ისედაც დაჩაგრული კუთხე, ისედაც დავიწყებული კუთხე, ახლა ეს მძიმე ფაქტი, მერამდენედ?! მერამდენედ უნდა მოგვასხან ლაფი?!..
ამ დროს რას ვაკეთებთ? ხმის ამოღებაც კი არ შეგვიძლია. ადგილობრივ ქართველს ხმას არავინ არ ამოაღებინებს რადგან ყველამ კარგად იცის, რაც ელის სამომავლოდ.
ბევრზე ბევრი პრობლემაა ამ რეგიონში, მოსახლეობა წნეხს განიცდის და ამას ემატება ეს ამბავი, რომელსაც აქამდე ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევა ქონდა.
საქართველო დუმს!
იცოდეთ, ხეს თუ წყალი არ დავუსხით, გახმება, იცოდეთ ისედაც ძალით აქამდე მოსული ხალხი არ იმსახურებს, რომ ასე ხელი გავუშვათ და დავტოვოთ ასეთ მდგომარეობაში, რადგან ამას ისტორიის არც ერთი ფურცელი არ გვაპატიებს!
სათქმელი ბევრია, პრობლემა ბევრია ამ რეგიონში და დროა, რომ გავიღვიძოთ და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ”,- წერს საინგილოს ახალგაზრდული მოძრაობა.