სარჯველაძე კობახიძეს ეთანხმება და ამბობს, რომ ღარიბაშვილს "პოლიტიკური კარიერის პერსპექტივა" არ აქვს
ირაკლი კობახიძის შემდეგ, უკვე ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძეც ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს "პოლიტიკური კარიერის პერსპექტივა" არ აქვს.
"გამიჭირდება, რომ არ დავეთანხმო მოსაზრებას, რომელიც ითქვა პრემიერის მხრიდან" - უთხრა დღეს ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.
ძალიან ძნელია, ვინმე არ დაეთანხმოს მოსაზრებას, რომ იმ მძიმე ბრალდებების შემდეგ, რომელიც სამართლებრივი პროცედურების შემდეგ დადასტურდა, რომ პირს, რომელიც მხილებულია ასეთი დანაშაულების ჩადენაში, რომ მას აქვს შემდგომი პოლიტიკური კარიერის პერსპექტივა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანურად ძალიან მძიმეა, ყველასთვის, ჩვენთვის ასე საუბარი, ეს სამწუხაროდ, რეალობაა. ამიტომ, გამიჭირდება, რომ არ დავეთანხმო მოსაზრებას, რომელიც ითქვა პრემიერის მხრიდან და არა მხოლოდ მისი მხრიდან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბრუნების არავითარი რესურსი არ აქვს - აღნიშნული პასუხი მთავრობის მეთაურმა "პირველების" მიერ დასმულ კითხვას გასცა - "დასრულდა თუ არა ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკოსი?"
კობახიძე დისკომფორტს უწოდებს იმ ფაქტს, როცა ყოფილი პრემიერი ციხეში კოურფციის ბრალდებით მოხვდა. მისივე თქმით, ღარიბაშვილი "კორუფციას ვერ ჩამოიწმენდს".
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს თითქმის ორი კვირაა ციხიდან ახალი მამხილებელი წერილები აღარ გამოუქვეყნებია.