"პირველების" ინფორმაციით, 21-ე სკოლის მოსწავლეების მშობლები დღეს განათლების სამინისტროში დაიბარეს

19.09.26 16:45
"პირველების" ინფორმაციით, 21-ე სკოლის მოსწავლეების მშობლები დღეს განათლების სამინისტროში დაიბარეს

"პირველების" ინფორმაციით, 21-ე სკოლის მოსწავლეების მშობლები დღეს განათლების სამინისტროში დაიბარეს - შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება. 

საუბრის თემა ისტორიული შენობის დემონტაჟს შეეხება, რომელსაც მშობლები რამდენიმე დღეა აპროტესტებენ.  

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ სკოლის შემოწმება 2025 წლის სექტემბერში მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოითხოვა,  სამხარაულის ექსპერტები კი ადგილზე გასული წლის დეკემბერში მივიდნენ.

  • მუნიციპალური განვითარების ფონდი სამხარაულს სთხოვდა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეეფასებინათ 21-ე საჯარო სკოლის შენობების ტექნიკური მდგომარეობა მიმდინარე პერიოდისთვის, შენობების სეისმური მდგრადობა და რენტაბელურია თუ არა არსებული სკოლის შენობების რეაბილიტაცია.

ამის შემდეგ დაიწყეს დასკვნის მომზადება, რომელიც საბოლოოდ 10 სექტემბერს გაიცა, მაგრამ ამის მიუხედავად სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს მაინც გახსნეს, 18-ში კი დახურეს. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მშობლების ინფორმაციით, ამის შესახებ შეტყობინება მათ სწავლის დაწყებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ მიიღეს.

მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სკოლის, ყოფილი მე-6, ე.წ. „გერმანული სკოლის“ შენობა ავარიულად გამოცხადდა და, როგორც მათ ადმინისტრაციამ აცნობა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასწავლო პროცესი უნდა შეჩერდეს.

ამ დროისთვის უცნობია, სად და რა ფორმით გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას. მშობლების განცხადებით, სკოლის ადმინისტრაცია მათ დაჰპირდა, რომ შემდგომი სასწავლო პროცესის შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიაწვდის.