რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნებზე ხმების დათვლა მიმდინარეობს - პირველადი მონაცემებით, „ერთიანი რუსეთი“ ლიდერობს

21.09.26 10:17
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნებზე ხმების დათვლა მიმდინარეობს - პირველადი მონაცემებით, „ერთიანი რუსეთი“ ლიდერობს

რუსეთში დასრულდა სახელმწიფო დუმის არჩევნები. კენჭისყრა სამი დღის განმავლობაში, 18-20 სექტემბერს მიმდინარეობდა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, უბნების დახურვის დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 56,66% შეადგინა.

ცესკოს თავმჯდომარე ელა პამფილოვას მიერ გამოცხადებული პირველი შედეგებით, უბნების ოქმების 13,88%-ის დამუშავების შემდეგ მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 57,54%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია - 13,67%-ით, შემდეგ მოდიან ლდპრ - 9,27%, „ახალი ხალხი“ - 7,96% და „სამართლიანი რუსეთი“ - 5,16%.

პირველადი ოფიციალური მონაცემები განსხვავდება ВЦИОМ-ის ეგზიტპოლისგან. ორგანიზაციის მიერ 69 რეგიონში, 1 755 საარჩევნო უბანზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, „ერთიან რუსეთს“ 49,4% აქვს, კომუნისტურ პარტიას - 14,2%, ლდპრ-ს - 10,7%, „ახალ ხალხს“ - 9,7%, ხოლო „სამართლიან რუსეთს“ - 6,6%. გამოკითხვაში 266 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემას მათგან მხოლოდ 55,1% დათანხმდა.

განსხვავებული სურათია რუსეთის ფარგლებს გარეთ ჩატარებულ დამოუკიდებელ ეგზიტპოლებში. მოძრაობების „გაზაფხულისა“ და „პროგრესის“ მონაცემებით, მათ მიერ გამოკითხულ საზღვარგარეთ მცხოვრებ რუს ამომრჩევლებს შორის რიგ ქვეყნებში პარტია „ახალი ხალხი“ ლიდერობდა: სერბეთში - 63%, ნიდერლანდებში - 57%, პოლონეთში - 50%, ჩეხეთში - 49%, საფრანგეთში - 39%, გერმანიაში კი - 37%. ორგანიზატორების მონაცემებით, გამოქვეყნებულ მომენტში 15 ქვეყანაში 8 387 პასუხი იყო შეგროვებული.

არჩევნების მიმდინარეობისას გავრცელდა ცნობები შესაძლო დარღვევებისა და ტექნიკური პრობლემების შესახებ. მოსკოვის რამდენიმე უბანზე ქაღალდის ბიულეტენების გაცემასთან დაკავშირებული შეფერხებები დაფიქსირდა. სხვადასხვა რეგიონიდან ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია დამკვირვებლების უბნებზე არდაშვებისა და დაკავების შესახებ.

არჩევნები რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებზეც ჩატარდა.

რუსეთის ცესკოს განცხადებით, წინასწარი შედეგების უფრო სრული მონაცემები 21 სექტემბერს გამოქვეყნდება.