დელისის ბიზნეს ცენტრში გაჩენილი ხანძრის გამო "ფორმულა" ისევ ვერ მაუწყებლობს - ვითარება ადგილზე
დელისის ბიზნეს ცენტრში გაჩენილი ხანძრის გამო ტელეკომპანია ფორმულა ისევ ვერ მაუწყებლობს. შენობაში ელექტროენერგია ისევ გათიშულია და ეზო ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული.
დილიდან ადგილზე ბიზნესცენტრში მდებარე სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები მიდიან და შენობიდან გააქვთ საჭირო ნივთები.
როგორც ისინი "პირველებს" ეუბნებიან, ამ დრომდე არ იცინ, როდის აღდგება შენობაში ელექტროენერგია და ინტერენეტი და როდის შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, დილიდან შენობაში თელასის და თელმიკოს წარმომადგენლები მუშაობენ და ბიზნეს-ცენტრიდან დამწვარი კაბელები გამოაქვთ.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მიყენებული ზარალის მასშტაბი დადგენილი არ არის.
- თბილისში, დელისის ბიზნესცენტრში, სადაც „ფორმულაც“ მდებარეობს, ხანძარი გუშინ განჩნდა, რის შემდეგაც ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეაჩერა.
ამ დროს შენობაში იმყოფებოდნენ ტელეკომპანიის თანამშრომლებიც, ასევე სტუმრები. მოგვიანებით ისინი შენობიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.
17:00 საათისთვის ცნობილი გახდა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი შენობის რამდენიმე სართულზე, შახტაში იყო გავრცელებული.