თბილისში დაურ ბუავას მემორიალის გახსნა სურთ
თბილისში გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გულშემატკივრები ახალგაზრდა ბიჭის ხსოვნისთვის განკუთვნილი მემორიალის შექმნის ინიციატივით გამოდიან. ინიციატივის ავტორების თქმით, ყველას ექნება საშუალება თავისი წვლილი შეიტანოს მემეორაილის შექმნაში.
უკვე შეიქმნა შესაბამისი ანგარიშები, სადაც მოქლაქლაქეებს თანახის ჩარიცხვა შეუძლიათ.
TVPIRVELI.GE სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
დაურ ბუავას გულშემატკივრებო, ბოლო დღეებში ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვწერა და გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს დაურ ბუავას ხსოვნისთვის განსაკუთრებული მემორიალის შექმნაში.
ოჯახისა და მეგობრების სურვილია, ამ ინიციატივას ორგანიზებული სახე მივცეთ და ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მივცეთ შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს.
აქვე გვინდა მკაფიოდ განვმარტოთ, რომ დაურის საფლავის აუცილებელი მოწყობა და მოწესრიგება ისედაც ხორციელდება და ამ მიზნით თანხის შეგროვება არ მიმდინარეობს.
ეს ინიციატივა გაჩნდა იმიტომ, რომ დაურის ბევრმა მეგობარმა, თანამოაზრემ და გულშემატკივარმა გამოთქვა სურვილი, მისი ხსოვნისთვის შეიქმნას არა უბრალოდ სტანდარტული საფლავი ან ძეგლი, არამედ უფრო მასშტაბური, განსაკუთრებული და ღირსეული მემორიალური სივრცე - ადგილი, რომელიც დაურის პიროვნებას, მის ცხოვრებასა და ხსოვნას შეეფერება.
სწორედ ამ მემორიალური სივრცის შექმნისთვის ვიწყებთ თანხის შეგროვებას. ამ მიზნით, სულ რამდენიმე დღეში გამოცხადდება კონკურსი მემორიალის იდეისა და დიზაინის შესარჩევად. შემოქმედ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები და ესკიზები, რის შემდეგაც ოჯახთან და დაურის ახლობლებთან ერთად შეირჩევა შესაბამისი კონცეფცია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თანხის შეგროვების პროცესი თავიდან ბოლომდე იყოს ღია და გამჭვირვალე.
ინიციატივას კოორდინაციას გაუწევს ოჯახის ახლობელი და დაურის მეგობარი, ლევან ბედია. შემოწირულობები ჩაირიცხება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ანგარიშებზე და მოხმარდება მხოლოდ მემორიალური სივრცის შექმნასა და მოწყობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
შეგროვებული თანხებისა და გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია საჯარო იქნება. პერიოდულად გამოვაქვეყნებთ, რა თანხა შეგროვდა და რაში დაიხარჯა, რათა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ინიციატივაში მონაწილეობას მიიღებს, ჰქონდეს სრული ინფორმაცია. ნებისმიერი წვლილი, დიდი თუ მცირე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
მონაწილეობა, რა თქმა უნდა, სრულიად ნებაყოფლობითია.
- გადარიცხვის რეკვიზიტები მიმღები: ლევანი ბედია
- საქართველოს ბანკი GE21BG0000000613466165
- თიბისი ბანკი GE64TB7712245064300138
მადლობა თითოეულ ადამიანს, ვისაც სურს თავისი წვლილი შეიტანოს დაურ ბუავას ხსოვნის ღირსეულად უკვდავყოფაში"- წერია მიმართვაში.
დაურ ბუავა თბილისში, თავის საცხოვრებელ ბინაში გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 27 აგვისტოს იპოვეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე - განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.