პენიტენციური ბრალდებებს პასუხობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულზე გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
მათივე განცხადებით, გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს, რის გამოც მას არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი.
მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს. ამის გამო, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მას არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი. ამავე მიზეზით, 2025 წლის 21 დეკემბერს დავითაძე მოთავსდა დაწესებულების დეესკალაციის საკანში და მისი ოჯახის განმარტებით, სწორედ ამ დროს განხორციელდა მსჯავრდებულზე ღირსების შემლახველი ქმედება, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სრული სიცრუეა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანის და მისი იქ ყოფნის ამსახველი ჩანაწერები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, კანონით დადგენილი წესით, გადასცა პროკურატურასა და სახალხო დამცველის ოფისს, 2025 წლის 29 დეკემბრის მოთხოვნის საფუძველზე. მასალის დათვალიერების შედეგად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულზე ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.
ამასთან, რადგან აღნიშნული მსჯავრდებული გამოირჩევა პროვოკაციული ქმედებებით, 2026 წლის 3 მარტიდან პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, უწყვეტად მიმდინარეობს გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალის დაარქივება. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, გაასაჯაროოს როგორც გამოძიების მიერ გამოთხოვილი, ასევე უკვე მიმდინარე წლის მარტიდან გაკეთებული ვიდეოჩანაწერები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან"- წერს უწყება.
პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი აცხადებს, რომ რუსთავის ციხეში დაკავებულს ბადრაგებმა სცემეს და რომ მასზე ძალადობა სისტემატურად ხორციელდება.
- გიორგი დავითაძე თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია. ავთანდილ დავითაძე 2014 წელს თბილისის საკრებულოში “კოალიცია “ქართული ოცნების” სიით შევიდა და იქ ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ წევრი იყო.