სპეცოპერაცია თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულები არიან ძმები ფეიქრიშვილები
მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, ღამით კრიმინალური პოლიციის სპეცრაზზმა ტყუპი ძმები ფეიქრიშვილები დააკავა.
ფაქტს "პირველებს" ადვოკატი უდასტურებს. ირკვევა, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების სახლებში სპეცრაზმი ჩხრეკაზე ღამის 03:00 საათზე შევიდა, რის შემდეგაც ორივე ძმას ხელბორკილები დაადეს.
დიახ ჩხრეკა იყო. დაკავებულები არიან. ჯერ არც მასალები გადმოუციათ,არც ბრალი არ წაუყენებიათ. ერთ-ერთი ძმის სახლში ჩხრეკის პროცესს ვესწრებოდი. სახლიდან კანონსაწიანააღმდეგო არაფერი არ ამოუღიათ. იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის არ არიან დაკავებულები და არც ფული არ ამოუღიათ. დავით ფეიქრიშვილის სახლში ვესწრებოდი მე ჩხრეკას, ღამით სამზე მოხდა ჩხრეკა და ორივეს ხომ ვერ დავესწრებოდი". - ამბობს ადვოკატი გიორგი ანთაძე.
როგორც რამდენიმე წუთის წინ "ტვ პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ძმები ჯგუფური ძალადობის და გამოძალვის მუხლებით არიან დაკავებულები. არაოფიციალური ინფორმაციით, საქმე დიდ ფულთან დაკავშირებით მომხდარ დაპირისპირებას ეხება.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ერთი ძმა ზაჰესის, მეორე კი დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
"პირველების" ინფორმაციით, ძმები ფეიქრიშვილების გარდა ხელბორკილები მათი დაცვის სამსახურის თანმშრომელსაც დაადეს.
- ძმები ფეიქრიშვილების სახელი საქართველოში სხვადასხვა კრიმინალურ საქმეში წლებია ფიგურირებს. დავით და გიორგი (გოგა) ფეიქრიშვილები წარსულში მრავალჯერ არიან ნასამართლევი.
დავით ფეიქრიშვილის სახელი უკავშირდება წლების წინ მომხდარ საუკუნის ძარცვას, რა დროსაც თბილისის შუაგულიდან 2 მილიონი ლარი გაიტანეს. ფეიქრიშვილი მაშინ ოთარ ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა და სწორედ ის სახელდებოდა ამ ძარცვის ორგანიზატორად.
საუკუნის ძარცვაძე 2023 წელს საგამოძიებო რეპორტაჟი "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა მოამზადა, მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, რომელშიც 5-ვე ბრალდებული ჩანს, საცავში განთავსებულმა კამერებმა დააფიქსირეს თავად დავით ფეიქრიშვილი, რომელსაც ნიღაბიც კი არ უკეთია.
ტყუპი ძმების გვარმა გაიჟღერა ასევე თბილისის ცენტრში მოკლული სოსო ჯოხაძის საქმეშიც. არსებული ინფორმაციით, ფეიქრიშვილებსა და ჯოხაძეებს დაპირისპირებაც ჰქონდათ.
დავით ფეიქრიშვილის სახელი უკავშრდება ასევე ე.წ მაზავშიკების საქმეს, რა დროსაც დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელი დააკავეს.