უნგრული მედია საქართველოს საპატიო კონსულს „ოქროს ვიზების“ ბიზნესთან კავშირზე წერს

23.09.26 19:56
უნგრული მედია საქართველოს საპატიო კონსულს „ოქროს ვიზების“ ბიზნესთან კავშირზე წერს

უნგრეთში პოლიციამ ბინადრობის ობლიგაციების პროგრამის საქმეზე, რომელსაც  „ოქროს ვიზების“ სახელითაც მოიხსენიებენ, გამოძიება დაიწყო.

ბუდაპეშტის პოლიციის შტაბ-ბინამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამთავრობო ობლიგაციების გაყიდვასთან დაკავშირებულ გარემოებებთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ საქმე სასამართლოში შეიტანა.

  • Transparency International-ის შეფასებით, პროგრამაში მონაწილე შუამავალმა კომპანიებმა იმ პერიოდში დაახლოებით 60 მილიარდი ფორინტის ოდენობის მოგება მიიღეს. ორგანიზაცია ასევე ამტკიცებს, რომ სახელმწიფომ საბოლოო ჯამში ფინანსური ზარალი ნახა.

პროგრამა 2013-2017 წლებში მოქმედებდა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს უნგრეთში ბინადრობის მიღების შესაძლებლობას აძლევდა.

  • ინიციატივა ორბანის ხელისუფლების გავლენიანი პოლიტიკოსის ანტალ როგანმა 2012 წელს წამოიწყო. სქემის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ 250-300 ათასი ევროს ინვესტიციის სანაცვლოდ, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფ მოქალაქეებს შეეძლოთ უნგრეთში დასახლების ნებართვის მიღება. პროცესი დაევალა გაუმჭვირვალე წარსულის მქონე შუამავალ კომპანიებს , რომლებმაც, გათვლებით, თითქმის 60 მილიარდი ფორინტის მოგება მიიღეს . მიუხედავად იმისა, რომ კერძო კომპანიებმა უზარმაზარი მოგება დააფიქსირეს , უნგრეთის სახელმწიფო გარიგებიდან მნიშვნელოვანი ზარალით გამოვიდა.

ფართოდ გაკრიტიკებული პროგრამა საბოლოოდ 2017 წლის ზაფხულში დაიხურა. ხუთწლიანი ფუნქციონირების განმავლობაში შუამავლებმა 6,621 ფასიანი ქაღალდი გაყიდეს, რის წყალობითაც - ოჯახის წევრების ჩათვლით - თითქმის 20,000 უცხოელმა მიიღო შენგენის ზონაში მუდმივი, უვადო ბინადრობის უფლება, ხოლო ინვესტირებული თანხა ხუთი წლის შემდეგ დააბრუნეს.

წლების განმავლობაში უნგრული საგამოძიებო მედია პროგრამის გარშემო არსებულ ბიზნესკავშირებსა და მის შესაძლო უსაფრთხოების რისკებს იკვლევდა. ამ მასალებში არაერთხელ გამოჩნდა ქართულ-ისრაელელი ბიზნესმენის, შაბთაი მიხაელის სახელი.

შაბთაი მიხაელი 2025 წელს უნგრეთში საქართველოს საპატიო კონსულად დაინიშნა. მისი სახელი ამ პროგრამის რუსულ მიმართულებას უკავშირდება.

  • შაბთაი მიხაელი ქართველ-ებრაელი ბიზნესმენია, რომელსაც უნგრეთის მედიაში წლებია, ორბანის ხელისუფლების გავლენიან პოლიტიკოსთან, ანტალ როგანთან დაახლოებულ ბიზნესწრესთან აკავშირებენ.

მიხაელის სახელი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა მნიშვნელოვანი, რაც უნგრეთის საგამოძიებო ჟურნალისტურმა ცენტრმა Direkt36-მა მისი კავშირი გამოიკვლია კომპანიასთან, რომელიც რუსეთში უნგრეთის ბინადრობის ობლიგაციებს ყიდდა.

მედიის ცნობით, ეს კომპანია იყო VolDan Investment Limited, რომელიც ლიხტენშტეინში იყო რეგისტრირებული და რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უნგრეთის ბინადრობის ობლიგაციების გაყიდვის უფლება ჰქონდა. Direkt36-მა მოიპოვა შიდა დოკუმენტები, რომლებზეც დაყრდნობით გამოცემა წერდა, რომ მიხაელი VolDan-ის საქმიანობაში უშუალოდ მონაწილეობდა.

მიხაელმა Direkt36-ს მაშინ განუცხადა, რომ ამ საქმესთან „არაფერი ჰქონდა საერთო“ და დოკუმენტებზე კითხვებს არ უპასუხა.