ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

23.09.26 20:37
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა გასულ კვირას, სხვა თანაგუნდელების მსგავსად, ევროპის საბჭო გააკრიტიკა „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან“ (TSPS) ერთად ბახმაროში ჩატარებული ტრენინგის გამო.

  • შეხვედრამდე 2 დღით ადრე, 21 სექტემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ შეისწავლის „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ (TSPS) მიერ „გრანტის მიღებას“ ევროსაბჭოსგან.
  • თუმცა ევროსაბჭო გრანტის გაცემას უარყოფს და ამბობს, რომ ყოფილი პოლიტიკოსის, არმაზ ახვლედიანის ორგანიზაცია, - TSPS-ი, - სემინარის მხოლოდ მასპინძელი იყო.
  • ირაკლი კობახიძემ 18 სექტემბერს ამ საკითხზე „შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“ დააანონსა, „თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ დარღვეულია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმდებლობა“.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. აღინიშნა ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს პრინციპებისადმი ერთგულება და აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც შეუწყობს ხელს დიალოგსა და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგს და მზად არის, მომავალშიც განაგრძოს ორგანიზაციასთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მსგავსი სიახლეები