"ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა" - ბოჭორიშვილის სიტყვა უკრაინის მხარდაჭერ სამიტზე
„საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით"- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის რიგით მეექვსე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
- აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ყოველწლიურად იმართება.
მინისტრმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.
"ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას" - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
თქვენო აღმატებულებანო,
პატივცემულო კოლეგებო,
ქალბატონებო და ბატონებო,ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს მონაწილეობას ვიღებ ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში და წარმოვადგენ საქართველოს.
საქართველოსთვის უკრაინის თემა საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი რიგითი საკითხი არ არის.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
სწორედ ამიტომ, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი და მტკიცე პოზიცია ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ათწლეულების განმავლობაში, საქართველო თავად განიცდის საერთაშორისო წესრიგის რღვევისა და საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფის შედეგებს.
რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.
ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ადამიანებისთვის, ოჯახებისა და საზოგადოებისთვის.
სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპებისადმი ურყევ ერთგულებას, რომლებსაც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა ეფუძნებოდეს.
ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორუმია უკრაინის საკითხისადმი საერთაშორისო ყურადღების შესანარჩუნებლად და, რაც მთავარია, ჩვენი საერთო მხარდაჭერის კონკრეტულ ქმედებებად გადასაქცევად.
საქართველო მშვიდობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ამ ძალისხმევისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას.
ჩვენ მივესალმებით ყველა გულწრფელ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომის დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისკენ - მშვიდობის, რომელიც გაეროს ქარტიითა და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ პრინციპებს ეფუძნება.
საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მადლობას მოგახსენებთ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.