EU-მ და 50 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს
ევროკავშირმა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, გაეროში რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ხელმომწერ ქვეყნებს შორის არ არის აშშ.
- დოკუმენტი გაეროს უშიშროების საბჭოს 23 სექტემბრის სხდომის წინ გამოქვეყნდა. ხელმომწერებმა უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატეს და ღრმა შეშფოთება გამოთქვეს მთელი უკრაინის მასშტაბით მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მოქმედებების ესკალაციის გამო, ასევე შავ ზღვაში თავდასხმების გამო და მხარი დაუჭირეს შავი ზღვის შეთანხმების დადებისკენ მიმართულ ძალისხმევას ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით.
ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს შავ ზღვაში განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირეს შავ ზღვაში შეთანხმების მიღწევის მცდელობებს, რომლის მიზანიც ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფაა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში უკრაინა სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.
ხელმომწერებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს უკრაინაში ყველა თვითნებურად დაკავებული, იძულებით გადაადგილებული ან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქის, განსაკუთრებით ბავშვების, დაბრუნება.
"მოვუწოდებთ რუსეთს, საბოლოოდ მოიქცეს ანალოგიურად - ეს აუცილებელი ნაბიჯია კონსტრუქციული დიპლომატიისა და მშვიდობისკენ მიმავალი მოლაპარაკებების გზაზე.
უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის. ჩვენ მშვიდობისკენ ვისწრაფვით. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და კონსტრუქციულად ჩაერთოს მოლაპარაკებებში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად" - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას მხარი დაუჭირეს:
- უკრაინამ, ალბანეთმა, ანდორამ, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბელგიამ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბულგარეთმა, კანადამ, კოსტა-რიკამ, ხორვატიამ, კვიპროსმა, ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, საბერძნეთმა, ჰონდურასმა, უნგრეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, ისრაელმა, იტალიამ, იაპონიამ, ლატვიამ, ლიხტენშტაინმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, მალტამ, მონაკომ, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, კორეის რესპუბლიკამ, მოლდოვის რესპუბლიკამ, რუმინეთმა, სან-მარინომ, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ და გაერთიანებულმა სამეფომ.