სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში - მოსამართლე ფეისბუქ პოსტების გამო მიღებული კანონების გადახედვას ითხოვს
მოსამართლის კიდევ ერთი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოითხოვს, გადაიხედოს და გაუქმდეს კანონში გაჩენილი და რეპრესიულად მიჩნეული ჩანაწერები, რომელიც შსს-ს სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს უფლებას აძლევს სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო, მოქალაქეები დაიჭირონ ან დააჯარიმონ.
მოსამართლემ სარჩელი მას შემდეგ შეადგინა, რაც თავად განიხილა ერთ-ერთი მოქალაქის საქმე, რომლის დასჯასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტები კალაძის შესახებ დაწერილი კომენტარის გამო ითხოვდნენ.
სარჩელის ავტორი, ციცინო კიკვაძე ამბობს, რომ საერთოდ არ არის საჭირო ცალკე სპეციალური მუხლი არსებობდეს, მითუმეტეს უფრო მკაცრი სანქციით.
ყველაფერი არის წარდგინებაში და დამატებით არაფრის თქმა არ შემიძლია, კონკრეტული საქმის განხილვის დროს, რა პოზიციაც გამიჩნდა, გადატანილია წარდგინებაში. თუკი ჩვეულებრივი მოქალაქისთვის შესაძლებელია იგივე სამართალდარღვევისთვის არსებობდეს მუხლი, არ არის ცალკე სპეციალური მუხლის დამატებით არსებობა საჭირო, მითუმეტეს უფრო მკაცრი სანქციით, - ამბობს ციცინო კიკვაძე.