პატარკაციშვილების ოჯახმა დიდუბეში მდებარე ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა

24.09.26 12:28
პატარკაციშვილების ოჯახმა დიდუბეში მდებარე ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა

პატარკაციშვილების ოჯახმა, თბილისში არსებული ერთ-ერთი მსხვილი უძრავი ქონება - დიდუბეში მდებარე ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტირია გაყიდა.

ამის შესახებ bm.ge “Biograpi Living”-ის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, კომპანია ადგილზე ახალი საცხოვრებელი უბნის და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რაზეც 500 მილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმება. უძრავი ქონების რეესტრის თანახმად, ტერიტორია 11 ჰექტარს მოიცავს.

ყოფილი მაუდის (მაუდ-კამვოლის) ქარხანა პრივატიზაციის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილმა გასული საუკუნის 90-იან წლებში შეიძინა. უძრავი ქონების მფლობელია შპს "მაუდი", რომელსაც 2026 წლის აგვისტომდე პატარკაციშვილების ოჯახის წევრები მართავდნენ, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ბადრი პატარკაციშვილის და ნანა პატარკაციშვილი შედიოდა. 2026 წლის 20 აგვისტოდან კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება შეწყდა და დირექტორის თანამდებობა დაიკავა ვასილ ფხაკაძემ, რომელიც ამავდროულად “Biograpi Living”-ის არაერთი კომპანიის დირექტორის თანამდებობას იკავებს. თუმცა, ჯერჯერობით უცვლელია შპს "მაუდის" მფლობელი კომპანია, რომელიც ამ დრომდე გიბრალტარში რეგისტრირებული "ლანნერ ჰოლდინგს ლიმითედია".

მაუდის ქარხნის ტერიტორიის ნაწილზე ამჟამად ჰიპერმარკეტი "გორგია" არის განთავსებული.