ჯუანშერ ბურჭულაძემ შესაძლოა, მიხელ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს
ჯუანშერ ბურჭულაძემ შესაძლოა, მიხელ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს - თავდაცვის ექს-მინისტრის ადვოკატი "პირველებთან" საუბარში არ უარყოფს, რომ ყოფილ მაღალჩინოსანმა შეწყალება შესაძლოა, 6 თვეში მოითხოვოს.
ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებულებს - ვასილ მხეიძისა და გიორგი ხაინდრავას კი ციხიდან ხვალ გამოუშვებენ. ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა და თავდაცვის მინსიტრის მოადგილეს ციხეს სავარაუდოდ დილით დატოვებენ.
არაფერს არ გამოვრიცხავთ და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება ალბათ. არ გამოვრიცხავ რომ (ყაველაშვილს) მიმართავს. არა ჯერ ადმინისტრაციას არ გვაქვს კომუნიკაცია. ჯერ არ შეიტანს ასე მგონია. ერთი წელი გავიდა და 6 თვეც გავიდეს და ალბათ შემდეგ. კანონი არ უკრძალავს და ვნახოთ.
ბიჭების გათავისუფლება უხარია. ბატონი ჯუანშერი ძალიან დადებითი ადამიანია. იმდენი სიკეთეები აქვს გაკეთებული სანამ თანამდებობაზე იქნებოდა, მაგრამ მარტო ცუდს აჟღერებენ, რამდენ ბავშვზე აქვს გაკეთებული სიკეთე მაგაზე არ საუბრობენ და ცუდია, რომ არ საუბრობს ოჯახი.", - ამბობს ადვოკატი ხათუნა ხურცილავა.
"პირველების" ჟურნალისტმა უფლებადამცველს ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა საპროცესოს გაფორმების შემდეგ ღარიბაშვილებთან კომუნიკაცია.
არანაირი კომუნიკაცია არ გვქონდა, რატომ უნდა გვქონოდა? - განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით, ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სააპელაციო სასამართლოში კი ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი მათი მიერ დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა გახდა. კერძოდ კი, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენება მისცეს. კერძოდ კი, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების მიხედვით, მან ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი ქრთამის სახით ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.
ვასილ მხეიძეს, 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.