შეიქმნება სამუშაო ჯგუფი... მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც უნდა დამდგარიყო ცოტა უფრო ადრე - გაიოზ ჩარკვიანი გენპროკურორთან შეხვედრის შემდეგ
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმე - ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა გენპროკურორთან, გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში უნდა იქნეს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული
მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც უნდა დამდგარიყო ცოტა უფრო ადრე - განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ის პროკურატურასთან პროტესტს წყვეტს და სამუშაო ჯგუფს დაეხმარება შესაბამისი ინფორმაციის მოძიებაში.
შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. ამ სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით ძალიან ბევრია ნამუშევარი ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ, ასევე პროკურატურის მხრიდანაც. ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანებში უნდა იქნეს გადაწყვეტილება.
თუ კი ამ საქმესთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულება არ დაემატა, გავლილი არის ეს თემა. ჩვენ პროფესიონალი იურისტები ვართ და კარგად ვიცით, უფრო მეტიც, ზედმიწევნით კარგად ვიცით, სად რა დევს. აქედან გამომდინარე, პროკურატურასაც შევუწყობთ ხელს.
საბჭოს წევრებს, ვინც იქ იქნებიან, მივაწვდით ინფორმაციას, რომ შესაბამისად, ახლებურად განიხილონ საქმე და მივაწვდით წერტილოვნად, სად რა არის განსახილველი, რათა 20 ტომის საქმის თავიდან წაკითხვა მართლა არ მოუწიოთ.
ადამიანი ხისთავიანი უნდა იყოს, რომ შეწყვიტოს ეს საქმე და გააგრძელოს აქცია. შეიქმნა საბჭო, ადვოკატთა კოლეგიით. აქედან გამომდინარე, რაღაზე უნდა ვიჯდე და რაღაზე უნდა ვიშიმშილო?! იმ ბრალდებულებს ხომ შევუწყობ ხელს, მე თვითონ რომ დავიზიანო ჩემი ჯანმრთელობა?!
მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც უნდა დამდგარიყო ცოტა უფრო ადრე. უფრო ადრე უნდა მომხდარიყო შეხვედრა“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
შეხვედრის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა პროკურატურამაც. უწყების თქმით, გაიოზ ჩარკვიანს კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ.
მათივე ცნობით, კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ მისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო გააგრძელებს სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, რაშიც ჩართული იქნება გაიოზ ჩარკვიანი და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.
- 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. ოჯახი ჩარკვიანის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს.