რა თქვა სასამართლოზე ფაშისტური დაჯგუფების ლიდერმა
საქალაქო სასამართლოში ფაშისტური დაჯგუფების ლიდერის, დავით ჯაფაროვის პროცესი მიმდინარეობს - საქმეს მოსამართლე ლელა მარიდაშვილი იხილავს.
ადვოკატები მოითხოვენ რომ, არასრულწლოვანზე არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობის და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან ან წინაპირობების გარეშე ან გირაოს სანაცვლოდ გაუშვან. პროკურატურა კი დაკავებული პირის პატიმრობას ითხოვს.
როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, პროცესზე სიტყვით ისარგებლა ბარალდებულმა - დავით ჯაფაროვი ირწმუნებოდა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულს დანაშაულის ჩადენის თარიღებად მითითებულ დროს საერთოდ არ იცნობდა. მისი განმარტებით ამის დასადასტურებლად საკმარისი იქნება, თუ პროკურატურა ანძების ჩანაწერებს გადაამოწმებს.
ჯაფაროვის მტკიცებით, დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთან 2023 წელს მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და რომ ის 2024 წელს გაიცნო.
სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა დაკავებულის ადვოკატმა და თქვა, რომ საქმეში ბრალის დამადასტურებელი ვიდეო-მასალა არ დევს.
გუშინ წარედგინა დავით ჯაფაროვს ორი მუხლით ბრალი - ეს არის არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება.
მე აღვნიშნავ, რომ ხელმეორედ მისი დაკავება არ მომხდარა, იმიტომ, რომ დავით ჯაფაროვი წარსულში მართლაც ნასამართლევია, თუმცა სრულიად სხვა ეპიზოდთან და სხვა ფაქტთან დაკავშირებით. ანუ, ანალოგიურ შემთხვევაზე დავით ჯაფაროვი არ არის გასამართლებული.
ამ ბრალდებას რაც შეეხება, მე ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ის იყენებს დუმილის უფლებას. არანაირი ჩანაწერი სისხლის სამართლის საქმეში, სადაც დავით ჯაფაროვი შეიძლება მონაწილეობდეს ვინმეს მიმართ ძალადობაში ან ძალადობის ორგანიზებაში, არ არსებობს.
არასწორია მისი დასახელება (ნეო-ნაცისტური დაჯგუფების ლიდერად) მითუმეტეს ამ საქმეებთან, რომელთან დაკავშირებითაც ბრალი წარედგინა. ის არის სხვა სისხლის სამართლის საქმეები, რომელშიც არანაირი კავშირი დავით ჯაფაროვს არ აქვს.
მას ედავებიან, რომ თითქოს 2023 წლის მარტში და 2025 წლის მარტში მოხდა რაღაც ქმედებები. ამ საქმეზე გასამართლებული არიან პირები, თუმცა მე ვერ დავასახლებ მათ მონაცემებს, თუმცა არიან პასუხისგებაში მიცემულები, ნაწილ მათგანს ბრალი აქვს აღიარებული. იქ საერთოდ არ ფიგურირებს დავით ჯაფაროვი. თუ მტკიცებულებები არსებობდა, 2023 წელს მომხდარ ფაქტზე 3 წლის შემდეგ პასუხისგებაში არ უნდა აძლევდნენ. მოვითხოვთ პირველ რიგში აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თუმცა ალტერნატივის სახით მოვითხოვთ გირაოს ". - ამბობს ადვოკატი.
გამოძიების თანახმად, 2023 წელს, „ნაცისტურ-ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა თანამოაზრეებთან ერთად, არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისი ნაცნობი მოტყუებით წაიყვანა თბილისში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს, ასევე, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა განახორციელეს არასრულწლოვნის მიმართ.
სამართალდამცველებმა განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი, „ფაშისტური-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ლიდერი 24 სექტემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (არაადამიანური მოპყრობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ჯგუფურად), 25,144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად, არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება) და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.