"ქართული ძეგლები ჰერეთსა და გარეჯში საფრთხის ქვეშაა" - შალვა ნათელაშვილის თქმით, იუნესკოს და ევროპის საბჭოს მიმართეს
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, "ლეიბორისტულმა პარტიამ" იუნესკოს მიმართა, შეიყვანოს დავით გარეჯი და ისტორიულ ჰერეთში მდებარე ქურმუხის ეკლესია საფრთის შემცველი ძეგლების ნუსხაში.
"ლეიბორისტრული პარტიის" ლიდერი გარეჯში და ჰერეთში არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ ევროპის საბჭოდან სპეციალისტების გაგზავნასაც ითხოვს.
მე მივმართე იუნესკოს, რომელსაც მთელ მსოფლიოში ევალება კულტურის ძეგლებზე კონტროლი, შეიყვანოს დავით გარეჯი და ჰერეთში არსებული ქართული კულტურის ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ობიექტების ნუსხაში. მივმართეთ ევროპის საბჭოს, რომელსაც მიღებული აქვს კონვენცია არქეოლოგიური პროცესების მართვაზე და რომლის წევრიც არის მათ შორის აზერბაიჯანიც, გამოაგზავნოს სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის გარეჯში და ჰერეთში არსებულ საგანგაშო მდგომარეობას, სადაც უკონტროლოდ მიდის არქეოლოგიური ე.წ. გათხრები ყოველგვარი ქართველი სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე და ისტორიის გადაწერა.
და ბოლოს ერთი თვალსაჩინო მაგალითი - მიუხედავად იმისა, ვიცით, რომ არაბებმა მთელი აფრიკა, ევროპა და აზია ლამის გააარაბეს, მათ არც უფიქრიათ უკვე გადაშენებული ეგვიპტელების მემკვიდრეობის მითვისება და არ გამოუცხადებით პირამიდები - სფინქსი და ტუტანჰამონის მუმია არაბულ საკუთრებად და თავიანთი წინაპირების ქმნილებად. მათაც კი არ იკადრეს ის, რაც გააკეთა ალიევის რეჟიმმა". - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ გამოხმაურებია ოფიციალური ბაქოს სახელით ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის ირგვლივ გავრცელებულ განცხადებას და ბრალდებებს საპატრიარქოს მისამართით.
შეგახსნებეთ, რომ 24 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები შემაშფოთებელია, რადგან მათი მიზანი და საფუძველი გაურკვეველია. განცხადების მიხედვით, საპატრიარქოს აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებებისგან ამ სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია და კითხვები აქვს — რა სამუშაოები ტარდება, რა კვლევებს ეფუძნება ისინი, ვინ ახორციელებს და როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა.
აზერბაიჯანის მხარემ საპატრიარქოს გუშინ განცხადებითვე უპასუხა, სადაც იწმუნება, რომ მათ ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
შესაბამისად, მათი თქმით, საპატრიარქოს პოზიცია ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ და მეგობრულ ურთიერთობებს ეწინააღმდეგება.
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მიუღებელია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება.