მთავარეპისკოპოსი ზენონი აზერბაიჯანელ მუსლიმ სასულიერო პირებს მიმართავს

26.09.26 21:58
 მთავარეპისკოპოსი ზენონი აზერბაიჯანელ მუსლიმ სასულიერო პირებს მიმართავს

ოფიციალური ბაქოს სახელით ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის ირგვლივ გავრცელებულ განცხადებას დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი საგანგებო მიმართვით ეხმიანება. 

მაღალი იერარქი აზერბაიჯანელ მუსლიმ სასულიერო პირებს მიმართავს. 

"სასულიერო პირმა ყველაზე კარგად უწყის, თუ რას ნიშნავს მორწმუნისთვის წინაპართა სალოცავი, რაოდენ მტკივნეულია მისი ბედის გაურკვევლობა და რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ რწმენა ხალხებს შორის მშვიდობის საფუძველი იყოს და არა დაპირისპირების მიზეზი"- დაწერა მეუფე ზენონმა. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს: დმანისსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს და აზერბაიჯანელ მუსლიმ სასულიერო პირებს
Əziz azərbaycanlı həmvətənlərimiz!

მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში აზერბაიჯანის კახის რაიონში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებულმა განცხადებებმა ბევრი ადამიანი ააღელვა. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ ის, რაც საუკუნეების განმავლობაში გვაერთიანებს.

ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის მეტად მნიშვნელოვანი ძეგლია. კახის, ზაქათალისა და ბელაქნის მხარეში, ქურმუხში, ლექითში და სხვა სოფლებში შემორჩენილი სალოცავები საუკუნეების მანძილზე ქართული ქრისტიანული ტრადიციის ნაწილი იყო. დღესაც ამ ტრადიციას მათი შთამომავლები, საინგილოს ქართველები, განაგრძობენ.

ქართველი ერისა და ქართული ეკლესიისთვის ამ ძეგლების ბედი ორგანულად არის დაკავშირებული ჩვენს სულიერ მემკვიდრეობასთან, ისევე როგორც ყველა ხალხისთვის ბუნებრივად ახლობელია თავისი წინაპრების მიერ აგებული სალოცავები, სადაც არ უნდა მდებარეობდნენ ისინი. ამიტომ საქართველოს ეკლესიის ინტერესი ტაძრის სათანადო დაცვისა და ურთიერთშეთანხმებით აღდგენის შესახებ არის ზრუნვა სიწმინდეზე და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი.

ამ ტაძარს ფუნდამენტური სულიერი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის: კახ-ინგილოს, ალიაბადის, ალმალოს, მეშაბაშის, თასმალოს და სხვა სოფლების მკვიდრთათვის. ეს მათი ცოცხალი სალოცავია, მათი წინაპრების ხსოვნა და რწმენის საყრდენი. სამართლიანია, რომ ამ ძეგლის ბედზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მათი ხმაც იქნას მოსმენილი და გათვალისწინებული, ხოლო პროცესში ორივე მხარის შესაბამისი წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.

ქურმუხის ტაძარი ასევე საუკუნეების მანძილზე იყო ადგილი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად მიდიოდნენ ლოცვითა და პატივისცემით. სწორედ ეს არის ჩვენი ნამდვილი საერთო მემკვიდრეობა: სიწმინდის ერთობლივი დაფასება და არა დაპირისპირება.

დმანისსა და ქვემო ქართლში ქართველები და აზერბაიჯანელები თაობიდან თაობამდე გვერდიგვერდ ვცხოვრობთ. ერთმანეთის ჭირსა და ლხინს ვიზიარებთ და ერთად ვაშენებთ ჩვენს საერთო სამშობლოს, საქართველოს. თქვენ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები და მისი ღირსეული შვილები ხართ.
გვჯერა, რომ საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი შეასრულონ ორ მეზობელ ხალხს შორის ნდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებაში. თქვენ კარგად იცნობთ ორივე ხალხის სულს და ამიტომ თქვენი სიტყვა განსაკუთრებით ფასეულია. თქვენი ღირსეული ხმა უნდა ისმოდეს, როდესაც საქმე ეხება იმ სიწმინდეებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ამ ხალხთა ურთიერთობისა და თანაცხოვრების ნაწილი იყო. რამდენადაც საქართველოში თქვენი რწმენა, ენა, ტრადიციები და სალოცავები დაცული და პატივდებულია, ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანშიც ქართველთა წინაპრების მიერ აგებული სიწმინდეები იგივე პატივისცემით იქნება მოვლილი. ეს საკითხი არ უნდა იქცეს ჩვენ შორის განხეთქილების მიზეზად.

გაორკეცებული იმედით მივმართავ აზერბაიჯანელ მუსლიმ სასულიერო პირებს. სასულიერო პირმა ყველაზე კარგად უწყის, თუ რას ნიშნავს მორწმუნისთვის წინაპართა სალოცავი, რაოდენ მტკივნეულია მისი ბედის გაურკვევლობა და რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ რწმენა ხალხებს შორის მშვიდობის საფუძველი იყოს და არა დაპირისპირების მიზეზი. თქვენი სიბრძნითა და ავტორიტეტით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ქურმუხის ტაძრის საკითხის ურთიერთპატივისცემითა და დიალოგით გადაწყვეტას, ორივე მხარის შესაბამისი წარმომადგენლების მონაწილეობით.
ჩვენთვის კარგად ცნობილი XII საუკუნის დიდი შირვანელი პოეტი ხაყანი, რომელიც საქართველოსა და შირვანის ურთიერთობის ამ ეპოქის მნიშვნელოვანი მოწმე იყო, ერთ-ერთ ლექსში საქართველოსთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებას ასე გამოხატავს: „აფხაზეთში დავესახლე და ქართულად ვლაპარაკობ.“ იმდროინდელი მწიგნობრობისთვის ცნობილი იყო, რომ „აფხაზეთი“ საქართველოს აღნიშნავდა. ამ დიდი პოეტის სიტყვები გვახსენებს იმ დროს, როდესაც შირვანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მხოლოდ პოლიტიკური კავშირებით არ შემოიფარგლებოდა და ღრმა ადამიანურ, კულტურულ და ნათესაურ კავშირებს ეფუძნებოდა. 

ამავე ეპოქის დიდი შირვანელი პოეტი ფალაქიც თავის შემოქმედებაში საქართველოსა და ქართველ მეფეებს განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს. მათი სიტყვები გვახსენებს იმ კულტურულ სივრცეს, სადაც შირვანისა და საქართველოს მოსახლეობას ერთმანეთთან აკავშირებდა პოეზია, მწიგნობრობა, ენა და ერთმანეთისადმი პატივისცემა. ეს ურთიერთობა დღესაც გვახსენებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ხალხებს შორის არსებული კულტურული სიახლოვის ძველ ფესვებს.

მით უმეტეს, დღეს ჩვენი კარი ღია უნდა იყოს ერთმანეთისთვის, მეტი ნდობით, ურთიერთთანადგომითა და იმ რწმენით, რომ ერთმანეთის პატივისცემა ჩვენს ხალხებს კიდევ უფრო დააახლოვებს.

კეთილსინდისიერი დიალოგის, ღირსეული მომავლის რწმენითა და კეთილი სურვილებით,
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი"- წერია მიმართვაში. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ გამოხმაურებია ოფიციალური ბაქოს სახელით ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის ირგვლივ გავრცელებულ განცხადებას და ბრალდებებს საპატრიარქოს მისამართით.

შეგახსნებეთ, რომ 24 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები შემაშფოთებელია, რადგან მათი მიზანი და საფუძველი გაურკვეველია. განცხადების მიხედვით, საპატრიარქოს აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებებისგან ამ სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია და კითხვები აქვს — რა სამუშაოები ტარდება, რა კვლევებს ეფუძნება ისინი, ვინ ახორციელებს და როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა.

აზერბაიჯანის მხარემ საპატრიარქოს გუშინ განცხადებითვე უპასუხა, სადაც იწმუნება, რომ მათ ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა  და სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.

შესაბამისად,  მათი თქმით, საპატრიარქოს პოზიცია ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ და მეგობრულ ურთიერთობებს ეწინააღმდეგება.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მიუღებელია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება.