ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანდაზმული ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი თანასოფლელი დააკავეს
ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანდაზმული ქალის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 21 სექტემბერს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფარულად შევიდა, ხანდაზმულ ქალს ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და ადგილიდან მიიმალა. ქალი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ბრალდებულმა ფარულად შეაღწია ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, კვალის დაფარვის მიზნით დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ხანდაზმული ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.