"საპირფარეშო მილიდანაც და ნიჟარიდანაც განავალი ამოდის" - არჩილ მუსელიანცი ციხეში არსებულ ანტისანიტარიაზე წერს
არჩილ მუსელიანცი გლდანის ციხიდან გამოგზავნილ წერილში საპატიმროში არსებულ მძიმე პირობებსა და სისტემურ პრობლემებზე წერს. მისი თქმით, პატიმრებს ხშირად უმიზეზოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გადატვირთულ საკარანტინო სივრცეში ათავსებენ, სადაც ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნია, მდგომარეობა კი განსაკუთრებით წვიმის დროს მძიმდება.
თქვენ ყოფილხართ ისეთ სარდაფში, საიდანაც ფიზიკურად ვერ გამოხვალთ და გიწევთ იქ ყოფნა, სადაც კანალიზაციიდან განავალი ამოდის? ახლა ვსაუბრობ კარანტინზე, საპირფარეშო მილიდანაც და ნიჟარიდანაც განავალი ამოდის პატარა წვიმის დროსაც. წვიმა რომ მთავრდება, განავალის ვულკანიც მთავრდება. თავად ნიჟარა საპირფარეშოში არ არის, ერთი ნიჟარაა და საერთო ოთახშია, საკანში. წვიმა რომ დამთვარდა, ხომ არ გგონიათ, სხვა საკანში გადაგვიყვანეს? არა, რადგან გადასაყვანად ადგილები არ იყო. კანალიზაციის წყალი იმ სარდაფშივე შრებოდა და ჩვენ, პატიმრები ამას ვსუნთქავდით. მთელი დღე რომ გავიდა, უკვე ჩვენ დავუძახეთ კარანტინის მორიგეს და ვთხოვეთ, რომ სხვა, მშრალ საკანში გადავეყვანეთ, რომ გაუსაძლისია აქ ყოფნა. მორიგემ უხეშად გვითხრა: "მე რა ვქნა?!" და ასე უხეშად და ხმაურიანად სახის წინ დახურა რკინის სარკმელი. რომ წარმოიდგინოთ როგორი სიტუაცია იყო, გეტყვით, ყველას ფეხებზე ეკიდა პატიმრები, ყველას ერთი სული ჰქონდა ცვლა გადაებარა. მხოლოდ მაშინ შეწუხდნენ, როდესაც ჩვენი საკნიდან კანალიზაციის წყალმა დერეფანში გადასხმა დაიწყო. კარების ჩარჩო 5 სმ იყო, წყალმა რომ გადასხმა დაიწყო, მხოლოდ მაშინ შეწუხდნენ თანამშრომლები, 20 წუთი ვერ გაუძლეს, ჩვენ კი 2 დღე 6 ადამიანი მანდ გვამყოფეს, - წერს მუსელიანცი.
მუსელიანცი ასევე წერს, რომ რამდენჯერმე დაიბარეს და წერილების წერის შეწყვეტა მოსთხოვეს. მისი მტკიცებით, საპატიმროში მის კორესპონდენციას ხსნიან, ზოგ შემთხვევაში კი კონვერტებიდან ქრება ის ფურცლები, რომლებზეც გლდანის ციხეში არსებულ პრობლემებს აღწერს.
წერილში საუბარია სამედიცინო მომსახურების პრობლემებზეც. მუსელიანცის განცხადებით, ერთ-ერთ კორპუსს მხოლოდ ერთი ექიმი ემსახურება, რის გამოც ის პატიმრების დროულად გასინჯვას ფიზიკურად ვერ ასწრებს, საჭირო მედიკამენტების მიღებას კი ზოგჯერ რამდენიმე დღე სჭირდება.