თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძეს პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძე მიიყვანეს. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, ვიდეომასალას.
ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს.
სუს-ი ამბობს, რომ ირაკლი ჩიხლაძე „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას".
ჩიხლაძე არ აღიარებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებას. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, ამის გამო საზოგადოებამ ისიც კი არ იცის, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან ჟურნალისტს.