გაბაშვილს ცენტრის მისამართი და გრაფიკი მალანიამ მიაწოდა - მოკლული მასწავლებლის დედა

28.09.26 20:54
გაბაშვილს ცენტრის მისამართი და გრაფიკი მალანიამ მიაწოდა - მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმე - დედა ამტკიცებს, რომ სწორედ მალანიამ მიაწოდა თავდამსხმელს მისი შვილის გადაადგილების კოორდინატები.

ეკა კუპატაძემ იმ მტკიცებულებებზეც ისაუბრა, რომელიც საქმეშია დართული და ასევე ბრალდებულ ალექსანდრე გაბაშვილისა და გიორგი მალანიას შეხვედრასა და საუბრებზეც გაამახვილა ყურადღება.

გიორგი მალანიამ ალექსანდრე გაბაშვილს მიაწოდა ცენტრის მისამართი და გრაფიკი, საცხოვრებელი მისამართი არ იცოდა.

გიორგი მალანია ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს გააცნო მას შემდეგ, რაც ალექსანდრე გაბაშვილმა და ნია იმნაძემ გიგაზე თავდასხმა დაგეგმეს და სწორედ ამ მიზნით გააცნო. ამას ვამბობ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე და არა ჩემი ეჭვებითა და ვარაუდებით. გააცნო 28 სექტემბერს. 26 სექტემბერს ალექსანდრე გაბაშვილის ტელეფონში გიგას ფოტოების “სქრინშოტებია” და 28 სექტემბერს, 6-ის წუთებზე ალექსანდრე გაბაშვილი უკავშირდება “ინსტაგრამზე” გიორგი მალანიას.

მათ შორის [ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას შორის] თავდასხმის შემდეგაც გაგრძელდა ურთიერთობა. ალექსანდრე გაბაშვილი გიორგი მალანიას სთხოვდა დამეგობრებასა და დაძმაკაცებას.

ალექსანდრე გაბაშვილი გიორგი მალანიას 29 სექტემბერს შეხვდა. 1-ელ ოქტომბერს დაუკავშირდა გაკვეთილის დაწყებამდე, 18:30 საათზე და გაკვეთილის დასრულებისთანავე, 20:01 საათზე, მაშინ, როცა მამასთან უნდა ყოფილიყო და შემდეგ მკვლელობამდე 35-37 წუთით ადრე. დააზუსტა ბევრი რამ, მათ შორის, გიგას ჩაცმულობა. ალექსანდრე გაბაშვილს ჰქონდა დასწავლილი ცოდნა გიგა ავალიანის ჩაცმულობის შესახებ.

ბრალდებულს მე თვითონ მივმართე რამდენჯერმე და ვუთხარი, რომ ის [გიორგი მალანია] ჩემს შვილს უყვარდა. მართალია, სულ ოთხჯერ იყო გიორგი გიგასთან. მეოთხე გაკვეთილზე გიგას მკვლელობაში დახმარება უკვე გაწეული ჰქონდა, მეოთხე გაკვეთილი პირველ ოქტომბერს ჰქონდა, მაგრამ იმ სამ გაკვეთილში ჩემმა შვილმა გიორგი მალანიას შეყვარება და ამის ჩემთვის თქმაც მოასწრო”, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.