არსენალის მთაზე დაგეგმილი სამთავრობო ქალაქისთვის გზების პროექტირებაზე ₾10.3 მლნ-ის შესყიდვა გამოცხადდა

30.09.26 10:22
არსენალის მთაზე დაგეგმილი სამთავრობო ქალაქისთვის გზების პროექტირებაზე ₾10.3 მლნ-ის შესყიდვა გამოცხადდა

არსენალის მთაზე დაგეგმილი „სამთავრობო ქალაქის“ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მისასვლელი გზების ალტერნატიული მარშრუტების კვლევასა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას გეგმავს.

bm.ge-ს ინფორმაციით, შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10.3 მილიონი ლარია. აღნიშნული ტერიტორია ამჟამად ქალაქის სატრანსპორტო კვანძებს ძირითადად ვიწრო და დაბალი გამტარიანობის გზებით უკავშირდება, სწორედ ამიტომ მთავრობა ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობამდე ჯერ ახალი გზების დაპროექტებას გეგმავს.

გამოცემის თანახმად, გამოცხადებული შესყიდვის მიხედვით, სამუშაოების ძირითადი მიზანია არსენალის მთასთან მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტების გამოვლენა და მათი თბილისის არსებულ სატრანსპორტო ქსელთან უსაფრთხო და ეფექტიანი ინტეგრაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. მომსახურების ხანგრძლივობა 18 თვეა, ხოლო კონსულტანტის შერჩევა ხარისხსა და ღირებულებაზე დაფუძნებული მეთოდით (QCBS) იგეგმება. ინტერესის გამოხატვის წარდგენის ბოლო ვადა 2026 წლის 27 ნოემბერია, სამუშაოების დაწყება კი სავარაუდოდ 2027 წლის ივლისშია დაგეგმილი.

პროექტი ორ ეტაპად იყოფა. პირველ, 8-თვიან ეტაპზე კონსულტანტმა არსენალის მთასთან მისასვლელი გზების ალტერნატივები უნდა შეისწავლოს ტექნიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით. დოკუმენტაციის მიხედვით, განიხილება სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებით მინიმუმ ორი ძირითადი დამაკავშირებელი გზის მოწყობა, თუმცა კვლევა მხოლოდ ამ მიმართულებებით არ შემოიფარგლება. თითოეული მიმართულებისთვის მინიმუმ სამი ალტერნატიული ვარიანტის წარმოდგენაა გათვალისწინებული. საბოლოო გადაწყვეტილებას მეორე ეტაპის გაგრძელების შესახებ გზების დეპარტამენტი პირველი ეტაპის კვლევის შედეგების საფუძველზე მიიღებს.

მეორე ეტაპი დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს. პროექტირებისას ყურადღება უნდა დაეთმოს გზების არსებულ ქსელთან დაკავშირებას, სატრანსპორტო ნაკადების განაწილებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებსა და გაჩერებებს, სატრანსპორტო კვანძებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებულ ინფრასტრუქტურას. კვლევის ფარგლებში ასევე უნდა მომზადდეს განსახლების პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც შესაძლო კერძო მიწების შეძენას, მოსახლეობისა და კომერციული ობიექტების ფიზიკურ გადაადგილებასა და სხვა სოციალურ შედეგებს შეეხება.

გზების ახალი ინფრასტრუქტურის საჭიროება არსენალის მთაზე დაგეგმილი მასშტაბური ადმინისტრაციული განვითარების პროექტს უკავშირდება. საქართველოს მთავრობამ ტერიტორია „სამთავრობო ქალაქისთვის“ 2025 წლის ბოლოს განსაზღვრა, ხოლო 2026 წელს ამ პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილის ხელშეწყობისთვის უწყებათაშორისი კომისიაც შეიქმნა.

არსენალის მთის დაახლოებით 77 ჰექტარზე ჯამში არანაკლებ 282,750 კვადრატული მეტრის საოფისე და ადმინისტრაციული შენობების განთავსებაა გათვალისწინებული. მათ შორის უნდა განთავსდეს პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია, სამინისტროები, თბილისის მერია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და სხვა სახელმწიფო უწყებები. ასევე დაგეგმილია არანაკლებ 10,000 კვადრატული მეტრის ღონისძიებების დარბაზი.

პროექტის მოცულობიდან გამომდინარე, ახალი ადმინისტრაციული ცენტრისთვის გათვალისწინებული იქნება დიდი რაოდენობით ყოველდღიური სატრანსპორტო გადაადგილება, რის გამოც გზების დეპარტამენტის ახალი შესყიდვა სწორედ ტერიტორიის ქალაქის სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირების საკითხზეა ორიენტირებული. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გზების დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, კომერციული და სატრანზიტო ზონიდან მომავალი ნაკადების ეფექტიანი განაწილება.

ამ ეტაპზე არსენალის მთის განვითარების პროექტის არქიტექტურული ნაწილი სრულად განსაზღვრული არ არის. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2026 წლის იანვარში გამოაცხადა ტენდერი ტერიტორიის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მოსამზადებლად, თუმცა ტენდერი მოგვიანებით სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტების მიზეზით შეწყდა. შეწყვეტის მომენტისთვის ექვს საინჟინრო-არქიტექტურულ კომპანიას წინადადებები უკვე წარდგენილი ჰქონდა, მათი შეთავაზებების ღირებულება კი 3.3-დან 4.4 მილიონ ლარამდე მერყეობდა.

ტერიტორიაზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობები:

 

  • პარლამენტის შენობა, ფართით არანაკლებ 31,350 მ²
  • მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ფართით არანაკლებ 7,000 მ²
  • ღონისძიებების დარბაზი, ფართით არანაკლებ 10,000 მ²
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7,500 მ²
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 20,700 მ²
  • რეგიონული განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,200 მ²
  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 51,900 მ²
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 23,800 მ²
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 47,400 მ²
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ
  • 7,600 მ²
  • კულტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,600 მ²
  • თბილისის მერია, ფართით არანაკლებ 59,900 მ²
  • საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ფართით არანაკლებ
  • 7,000 მ²
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ფართით არანაკლებ 1,800 მ²
  • სამეურნეო/დამხმარე ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობები.

მსგავსი სიახლეები