ექსკლუზივი: მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს

30.09.26 10:54
ექსკლუზივი: მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს

"პირველების" ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო გარიგება გაუფორმდა.

  • ყოფილი მებრძოლი 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით  11 ივლისს  დააკავეს.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ დაამტკიცა.

საპროცესო შეთანხმების პირობა ასეთია: ბრალდებულს 1-წლიანი რეალური და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ჭულუხაძე ციხეს 2027 წლის ივლისში დატოვებს.

მსჯავრდებულის ადვოკატის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, ჭულუხაძეს არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება.

ადოკატი გაიოზ ჩარკვიანი "პირველებთან" საუბარში ხაზგასმით ამბობს, რომ ჭულუხაძეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია და საპროცესო შეთანხმება არც მის დაკითხვას და არც რაიმე სახის აღიარებას ეფუძნება. 

ერთი წელი რეალური სასჯელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ორი წელი პირობითი მსჯავრი დაედო. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული მტკიცებულებები, რომელი მტკიცებულებებიც სისხლის სამართლის საქმეში იყო და დევს, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოწმეთა ჩვენებები ყველა გავხადეთ უდავოდ. აქედან გამომდინარე, არ არსებობს იმის დადასტურება, რომ შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის რაიმე დამატებითი ჩვენება მიეცეს. სადაც მე გავეცანი საპროცესო შეტანხმების ოქმს და შუამდგომლობას, არავითარი აღიარება, არავითარი დაკითხვა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ არ არის მომხდარი, არანაირი მტკიცებულებები, ჩვენება არმიუცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, - ამბობს ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი.

ადვოკატი განმარტავს იმასაც, თუ რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს ჭულუხაძისთვის ბრალად წარდგენილ იარაღთან დაკავშირებით.

თავისთვის ჰქონდა შენახული აღნიშნული იარაღები, - ამბობს ინტერესების დამცველი. 

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, პროკურატურაში ითქვა, რომ ბექა ჭულუხაძე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში დააკავეს.

  • მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გასული წლის 6 ოქტომბერს, დაუსწრებლად წარუდგინეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, 8 ოქტომბრიდან კი, მასზე ძებნა გამოცხადდა.

ჭულუხაძეს 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან.

მსგავსი სიახლეები