ფავლენიშვილი: EPP-ის რეზოლუციაში პირდაპირაა მოთხოვნილი გიორგი ბარამიძის გათავისუფლება - ასევე, მოთხოვნილია სააკაშვილისა და ყველა სხვა პოლიტპატიმრის გათავისუფლება

30.09.26 11:55
ფავლენიშვილი:  EPP-ის რეზოლუციაში პირდაპირაა მოთხოვნილი გიორგი ბარამიძის გათავისუფლება - ასევე, მოთხოვნილია სააკაშვილისა და ყველა სხვა პოლიტპატიმრის გათავისუფლება

„ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციაში განხილული იყო ყველა ის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიდასავლური ქმედება, რითაც ივანიშვილი ავტორიტარულ რეჟიმს ამყარებს - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა  განაცხადა, რითაც „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დოკუმენტში პირდაპირ არის მოთხოვნილი გიორგი ბარამიძის გათავისუფლება.

"ეს არის პირველი რეზოლუცია, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, თუ რატომ შეიძლება მივიჩნიოთ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი პოლიტიკური დევნის კლასიკურ ნიმუშად,"- თქვა მან. 

მისივე თქმით, დოკუმენტში საუბარია მიხეილ სააკაშვილისა და ყველა სხვა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მნიშვნელობაზეც.

„გუშინ, „ევროპის სახალხო პარტიამ“, ყველაზე დიდმა ევროპულმა პოლიტიკურმა ოჯახმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმის მიერ ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობას ეხება. რეზოლუციაში განხილულია ყველა ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიდასავლური ქმედება, რითაც ივანიშვილი ავტორიტარულ რეჟიმს ამყარებს და დიქტატურის განმტკიცება სურს. აქ საუბარია პარტიების აკრძალვის მცდელობაზე, პოლიტიკურ დევნასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პირდაპირ არის მოთხოვნილი გიორგი ბარამიძის გათავისუფლება და ხაზგასმულია მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით. ეს არის პირველი რეზოლუცია, სადაც მკაფიოდ არის ნათქვამი, თუ როგორ შეიძლება მივიჩნიოთ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი პოლიტიკური დევნის კლასიკურ ნიმუშად. გარდა ამისა, მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილისა და ყველა სხვა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება“, - აღნიშნა ფავლენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები