ვრცელდება ჩანაწერი, სადაც ბექა ჭულუხაძე ბრალს აღიარებს

30.09.26 13:28
ვრცელდება ჩანაწერი, სადაც ბექა ჭულუხაძე ბრალს აღიარებს

 

 

ვრცელდება სასამართლო სხდომის ჩანაწერი, რომელშიც ბექა ჭულუხაძე მოსამართლის კითხვების პასუხად ადასტურებს, რომ ბრალს ნებაყოფლობით აღიარებს და საპროცესო შეთანხმება მასზე რაიმე სახის ზეწოლის გარეშე გაფორმდა.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე ჭულუხაძეს ეკითხება, ჰქონდა თუ არა მის მიმართ ადგილი წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, უკანონო დაპირებას ან სხვა სახის ზემოქმედებას. მოსამართლე ასევე ინტერესდება, ნებაყოფლობით დაიდო თუ არა საპროცესო შეთანხმება, აცნობიერებს თუ არა ბრალდებული ჩადენილი ქმედების ხასიათსა და შეთანხმების სამართლებრივ შედეგებს.

ჭულუხაძე პასუხობს, რომ მასზე უკანონო ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით გააფორმა და ბრალს აღიარებს.

ვიდრე მოსამართლე საპროცესო შეთანხმებას გააფორმებდა, სიტყვის უფლებით პროკურორმა ისარგებლა. ბექა ხუნაშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

მის მიერ დანაშაულის აღიარება და პროკურორთან სასჯელზე შეთანხმების სურვილი მიჩნეულია საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძვლად. ბრალდებულის განცხადების გაანალიზების შემდეგ ჩვენს მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გათვალისწინებული იქნა სახელმწიფო საჯარო ინტერესი, ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი მხარე, რის შემდგომაც თანხმობა განაცხადა მან საპროცესო შეთანხმებაზე, - თქვა პროკურორმა. 

"პირველების" ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო გარიგება გაუფორმდა.

საპროცესო პირობა ასეთია: რეალური სასჯელი 1 წელი, პირობითი სასჯელი 2 წელი. ადოკატი გაიოზ ჩარკვიანი "პირველებთან" საუბარში ხაზგასმით ამბობს, რომ ჭულუხაძეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია და საპროცესო შეთანხმება არც მის დაკითხვას და არც რაიმე სახის აღიარებას ეფუძნება. 

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, პროკურატურაში ითქვა, რომ ბექა ჭულუხაძე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში დააკავეს.

  • მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გასული წლის 6 ოქტომბერს, დაუსწრებლად წარუდგინეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, 8 ოქტომბრიდან კი, მასზე ძებნა გამოცხადდა.

ჭულუხაძეს 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან.

 

მსგავსი სიახლეები