ვინ არის პასუხისმგებელი ლიფტის ჩავარდნაზე

30.09.26 14:06
ვინ არის პასუხისმგებელი ლიფტის ჩავარდნაზე

თბილისში, გურამიშვილის გამზირის 12 ნომერში მაცხოვრებლები "პირველებს" უყვებიან, რომ ლიფტს, რომელიც მეათე სართულიდან ჩავარდა და ხალხი ჩაიყოლა, პრობლემები წარსულშიც ჰქონდა. 

მათივე მტკიცებით, რამდენჯერმე გაჩრდა კიდეც და ბოლოს ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ლიფტი გამოსაცვლელია, თუმცა მათი თქმით, არაფერი შეცვლილა.

კომპანია, რომელსაც უსაფრთხოება აბარია, გამგეობა და ამხანაგობის თავმჯდომარე მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნიან.

ამხანაგობის თავმჯდომარე "პირველებს" ეუბნება, რომ დაფინანსება უნდა მოხდეს გამგეობიდან. გამგეობა კი პასუხისმგებლობას სრულად ექსპერტიზის ჩამტარებელ კომპანიას აკისრებს. 

ადგილობრივების თქმით, VERTICAL TECHNOLOGY-ი არის კომპანია, ვისაც ლიფტის მდგომარეობა უნდა შეემოწმებინა. 

VERTICAL -ის ხელმძღვანელი "პირველებთან" ამტკიცებს, რომ ლიფტთან ტექნიკური შეუსაბამობა არ ფიქსირდებოდა. 

ზაქარია ენდელაძე აღნიშნავს, რომ მომხდარის შემდეგ ის გამოკითხვაზე დაბარებული არ არის. 

"ტექნიკური შეუსაბამობა არ ფისქსირდებოდა და ერთი სიტყვით, ჩვეულებრივად იყო ექსპლუატაციაში, რაღაც ფარული შეუსაბამობა შეიძლება გამოიკვეთოს, ექსპერტიზა გვეტყვის ამას, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. - აცხადებს VERTICAL TECHNOLOGY-ის ხელმძღვანელი. 

რაც შეეხება ამხანაგობის თავმჯდომარეს, მისი თქმით, "ლიფტი 17 წელია, არ გარემონტებულა". თავმჯდომარის განცხადებითვე, ლიფტი მწყობრიდან ადრეც გამოვიდა და რაღაც პერიოდის განმავლობაში გაჩერებულიც კი იყო: 

ეს მატორში ჩაიშალა, თან წონა იყო ძალიან ბევრი, ვერ გაუძლო როგორც ჩანს. სათავე ნაწილები, მატორი, შკივი, ტროსები, ზამბარები, სამუხრუჭე სისტემა, აი ეს ყველაფერი ერთმანეთშია. რამდენჯერმე გაჩერდა და ვთქვით, რომ გავაჩეროთო და ისევ მერე მოსახლეობამ აგვამუშავებინა, იქნებ იმუშაოსო, იმიტომ, რომ ერთი ლიფტი არ კმარაო. რეკომენდაცია , როგორც ასეთი, ტექდათვალიერება ეხლა უნდა მიგვეყვანა, იმიტომ, რომ გამგეობაში უნდა შევიდეს ეს ლიფტები დასაფინანსებლად"- თქვა მან.

თავის მხრივ ნაძალადევის გამგეობა სრულ პასუხისმგებლობას მომსახურე კომპანიას აკისრებს. უწყებაში ამბობენ, რომ კომპანიაა ვალდებული ლიფტის უსაფრთხიოება შეამოწმოს. 

რაც შეეხება დაფინანსების ნაწილს, გამგეობაში ატკიცებენ, რომ შესაბამისი განცხადებით მათთვის არავის მიუმართავს. 

 შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით თბილისში, სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი მოწყდა. შემთხვევის დროს ლიფტში 6 ადამიანი იმყოფებოდა.