ადვოკატი ამბობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე "დამატებითი ინფორმაციის" სანაცვლოდ გაათავისუფლეს

01.10.26 14:08
ადვოკატი ამბობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე "დამატებითი ინფორმაციის" სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე, ლევან ახობაძე სასამართლო დარბაზიდან "დამატებითი ინფორმაციის" სანაცვლოდ გათავისუფლდა - ამის შესახებ "პირველებს" ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა, დავით სიმონიამ განუცხადა.

უფლებადამცველი ირწმუნება, რომ სწორედ ამ "დამატებითმა ინფორმაციამ" შეცვალა მდგომარეობა სისხლის სამართლის საქმეზე.

ლევან ახობაძე არ აღიარებს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, რომელიც ეხება ქრთამის აღებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ჩვენ სასამართლოს მივაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და გამომდინარე ამ ინფორმაციიდან და იმ გარემოებებიდან, რომელმაც შეცვალა აღნიშნული მდგომარეობა სისხლის სამართლის საქმეზე, აღარ იყო აუცილებელი აღკვეთის სახით გამოყენებულიყო პატიმრობა. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს შუამდგომლობით და მოვითხოვეთ ლევან ახობაძის გირაოთი გათავსიუფლება, რომელი შუამდგომლობაც სასამართლომ დააკმაყოფილა და ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდა". - განაცხადა ადვოკატმა. 

"პირელებმა" დავით სიმონიას ჰკითხა, რა იყო ეს ახალი გარემოება და იყო თუ არა მისი მხრიდან თანამშრომლობა სხვა ყოფილი ან მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ? 

არა, ეს არანაირად არ უკავშირდება მისი მხრიდან რაიმე სახით თანამშრომლობას (სხვა მაღალჩინოსნის წინააღმდეგ). ეს კონკრეტული ინფორმაცია, რაც ჩვენ მივაწოდეთ სასამართლოს, ეხება კონკერტულად ამ სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და ახალ ინფორმაციას.

დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ეხება პროცესუალურ საკითხებს ამ საქმესთან დაკავშირებით", - თქვა დავით სიმონიამ. 

"ტვ პირველის" ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა პროკურატურის პოზიციითაც და ადვოკატს ჰკითხა, როცა ბრალდების მხარე საუბრობდა, რომ იყო ძალიან ბევრი მტკიცებულება, ახლა რა შეიცვალა? ასევე იკითხა, არის თუ არა დაკითხული ყველა მოწმე, ვისთანაც კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბატონ ლევან ახობაძეს და არსებობს თუ არა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რაზეც სხდომების განმავლობაში პროკურატურა აპელირებდა. 

დავით სიმონიას თქმით, დაცვამ მტკიცებულებების დიდი ნაწილი უდაოდ ცნო და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე განეიტრალდა.

მოწმეები დაკითხულები არ არიან. ისინი დაიკითხებიან მომდევნო პროცესზე. უბრალოდ ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ კონკრეტულ გარემოებებს და მოწმეებიც დაადასტურებენ, რომ ლევან ახობაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია არანაირ ქრთამის აღებას ან მოთხოვნას.

რაღაც კონკრეტული მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები დაცვის მხარემ ვცანით უდაოდ. შესაბამისად, აღარ არსებობდა აღარანაირი რისკი, რომ მისი მხრიდან რაიმე სახის იძულება მოწმეთა წინააღმდეგ. შესაბამისად ეს გაიზიარა სასამართლომ და დაეთანხმა პროკურატურაც.

პროკურატურმაც მიიჩნია, რომ აღარ იყო საჭირო ამ საქმეზე ლევან ახობაძის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა. შესაბამისად, ის ჩვენს შუამდგომლობას დაეთანხმა", - განაცხადა დავით სიმონიამ. 

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. 

ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, [საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ].

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.