"ჯუმბერ ბოლქვაძისთვის გასაგები იყო, რომ პასუხისმგებლობა მოუწევდა" - სარჯველაძე სამართლებრივ რეაგირებაზე საუბრობს
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პირველ კომენტარს აკეთებს და ირწმუნება, რომ ექიმმა თავად მიიღო წასვლის შესახებ გადაწყვეტილება.
"კაციშვილს არ მოუთხოვია მისგან წასვლა... თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო" - ამბობს მინისტრი.
როგორც სარჯველაძე განმარტავს, ექიმი უარს ამბობდა პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევაზე, რის მიზეზადაც ასახელებდა, რომ კლინიკაში ადგილები არ იყო.
"ეს არის აბსოლუტური ტყუილი, იმ დროისთვის საავადმყოფოში საკმარისი ადგილები იყო, ექიმი უარს ამბობდა პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევაზე, რაც ნებისმიერი ექიმისგან აბსოლუტურად მიუღებელია. ამას ყოველთვის შევეწინააღმდეგებით" - ამბობს მინისტრი.
მისი თქმით, ჯუმბერ ბოლქვაძისთვის გასაგები იყო, რომ მას ამაზე პასუხისმგებლობა მოუწევდა.
"ეს არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება", - ამბობს მინისტრი.
„ბათუმთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დიდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომელიც იმპულსურად შეიქმნა. ვითარება ასეთია: ივნისის დასაწყისში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი გართულების გასწორება დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური დაუკავშირდა კლინიკას, თუმცა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა პაციენტის მიღებაზე მიზეზის დაუკონკრეტებლად განაცხადა უარი. სრულიად უმნიშვნელოა, როგორ გააფორმა მან ეს ყველაფერი - მთავარია, რომ ექიმი უარს ამბობდა პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევაზე, რაც ნებისმიერი ექიმისგან აბსოლუტურად მიუღებელია. ამას ყოველთვის შევეწინააღმდეგებით. ასე რომ, ბატონი ჯუმბერისთვის გასაგები იყო, რომ მას ამაზე პასუხისმგებლობა მოუწევდა. მიზეზად იმის დასახელება, თითქოს ადგილები არ იყო, აბსოლუტური ტყუილია. იმ წუთას საავადმყოფოში საკმარისი ადგილები იყო როგორც ემერჯენსის, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის დასტურია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ლამის მე და რამდენიმე ხელმძღვანელი პირი პირადად ჩავერიეთ, იმავე კლინიკაში პაციენტის მიღება შესაძლებელი გახდა. ამას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ერთი კონკრეტული პირი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ამბობდა პაციენტის მიღებაზე უარს.
ეს არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. ამის შემდეგ ბატონმა ჯუმბერმა, ისე რომ მისგან კაციშვილს არ მოუთხოვია, თავად მიიღო გადაწყვეტილება წასვლის შესახებ. მან განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოს სამსახურიდან წასვლას აპირებდა. ჩემთვის მოულოდნელი იყო მოვლენების ასეთი განვითარება. ამ ყველაფრის ფონზე, აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს და მან, სიმართლე გითხრათ, თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო. გუშინ საღამოს დაწესებულების მენეჯმენტს შევხვდი. როდესაც დოკუმენტირებულად მივაწოდე ინფორმაცია ყველა გარემოებაზე, მათთვისაც ბევრი რამ გახდა გასაგები.
ამიტომ, ვიდრე ქარიშხლებზე ვისაუბრებთ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რასთან გვაქვს საქმე. ეს კატეგორიულად მიუღებელი მოვლენაა, რომელსაც სამართლებრივი რეაგირება სჭირდება. სამართლებრივი რეაგირება იქნება აუცილებლად, მიუხედავად იმისა, უნდა ეს ვინმეს თუ არ უნდა, რა ფორმას ირჩევს თავდასაცავად და ა.შ.“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, გუშინ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მედიკოსების განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გადაუდებელი მედიცინის (ემერჯენსის) განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძისგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვს, რაც მათივე შეფასებით, უსამართლო გადაწყვეტილებაა.