ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის ოჯახი ამბობს, რომ ის პოლიტპატიმარია

02.10.26 15:37
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის ოჯახი ამბობს, რომ ის პოლიტპატიმარია

 

 

 

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი დასრულდა. სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რადგან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებუელებები გამოიკვლიეს.

ჩიხლაძის ოჯახი ამბობს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია.

დღეს უამრავი ხალხია ციხეში და როგორც სხვა, უამრავ პოლიტპატიმარს, შეგვიძლია ჩავთვალოთ პოლიტპატიმრად, ზუსტად იგივე პოზიცია მაქვს ირაკლისთან დაკავშირებით. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ირაკლის ვერც აბრალებენ ვერაფერს, რამე ხელჩასაჭიდი რომ ჰქონოდათ, თქვენც ხვდებით, რომ აქედან ძალიან მარტივად შეეძლოთ ამ თემის გაზვიადება. რადგან ჩემ ძამას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, ამიტომაც არის აბსოლუტურად ყველაფერი გასაიდუმლოებული. ბრალდება არის აბსურდი, - განაცხადა დაკავებულის დამ. 

ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე  ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს.

სუს-ი ამბობს, რომ ირაკლი ჩიხლაძე „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას".

ჩიხლაძე არ აღიარებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებას. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, ამის გამო  საზოგადოებამ ისიც კი არ იცის, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან ჟურნალისტს.

მსგავსი სიახლეები