მედია: საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც დაიხურა
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, 20-წლიანი საქმიანობის შემდეგ, საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ოფისიც დაიხურა.
ფონდს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა პარტნიორებს დაუგზავნა წერილი, რომ „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისთვის“ საქმიანობა საქართველოში სექტემბრის ბოლოს დასრულდება და მიზეზად, „ქართული ოცნების“ შემზღუდავი კანონები დაასახელა.
„ბოლო წლებში საქართველოში პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო ძირფესვიანად შეიცვალა. კერძოდ, უცხოურ დაფინანსებასა და გრანტებთან დაკავშირებულმა ახალმა რეგულაციებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ის სამოქმედო სივრცე, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ოპერირება შეუძლიათ. შედეგად, თანამშრომლობის ის ფორმები, რომლებითაც ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორებთან, სულ უფრო გართულდა, ან ბევრ შემთხვევაში, საერთოდ შეუძლებელი გახდა“, — ნათქვამია წერილში, რომელიც „ნეტგაზეთმა“ ნახა.
ნაუმანის ფონდის გუნდი პარტნიორებს წერს, რომ ხელი არ ჩაუქნევია საქართველოს ევროპულ მომავალზე და იმედოვნებს, რომ პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო ერთ დღეს შეიცვლება და შეიქმნება ისეთი პირობები, რომლებშიც მათნაირი ორგანიზაციები შეძლებენ საქართველოში დაბრუნებას.
- პირველ ოქტომბერს, ასევე, ცნობილი გახდა, რომ კონრად ადენაუერის ფონდმა [KAS] თბილისში თავისი წარმომადგენლობა 2026 წლის 30 სექტემბერს დახურა.