გაუპატიურების შესახებ პატიმრის განცხადებაზე "ოცნებაში" პირველი კომენტარები კეთდება
გაუპატიურების შესახებ პატიმარ გიორგი დავითაძის სკანდალურ განცხადებაზე "ოცნებაში" პირველი კომენტარები კეთდება - ლევან მაჭავარიანი ირწმუნება, რომ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების პატიმარი იტყუება, რაც მისი მტკიცებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული კადრებით რამდენიმე წუთში "გაიშიფრა".
„აქაც რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, რომელიც შემდეგ აგენტურული ქსელის მედიასაშუალებებმა აიტაცეს. ყველაფერი რამდენიმე წუთში გაიშიფრა. ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, პენიტენციურმა სამსახურმა კონკრეტული ვიდეოც დადო და, რა თქმა უნდა, ესეც ჩვეულებრივი ტყუილი აღმოჩნდა.
ზოგადად, ამ მიმართულებამაც კამპანიური სახე მიიღო. „საიამაც“ გააგზავნა ტყუილები გაეროს მომხსენებელთან, რათა ჩვენს ციხეებს დარტყმა მიაყენონ - თითქოს გაუსაძლისი პირობებია და თითქოს წამებაა ციხეებში. ციხეებში ყველაფერი ისეა, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება, რა თქმა უნდა, და არანაირი მსგავსი კამპანია ერთი დღეც ვერ იმუშავებს. დროა, გონს მოეგონ და ამ 15-წუთიან ტყუილებს თავი დაანებონ.
ჩვენს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათ კი სურთ, რომ ამ მიმართულებითაც ხელოვნური აჟიოტაჟი გამოიწვიონ. თუმცა კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ამ კუთხითაც მხოლოდ 15-20-წუთიან ტყუილებს ვადევნებთ თვალს მათგან“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
"ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, არჩი გორდულაძე კი ირწმუნება, რომ აღნიშნული ფაქტით ვერ დაიხატება სურათი, თითქოს პენიტენციურ სისტემაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დროინდელი ვითარება დაბრუნდა.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი ტელევიზიები არაერთ სიცრუეს ტირაჟირებენ. მათ შორის, ახლა განსაკუთრებული თავდასხმა დაიწყეს მთლიანად პენიტენციურ დაწესებულებასა და სისტემაზე. რატომ? რადგან თავიანთ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებზეც სტრასბურგის სასამართლოს აქვს ნათქვამი, რომ წამების სისტემური და სისტემატური რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული რაც განსაკუთრებით პენიტენციურ სისტემაში გამოვლინდებოდა, ახლა თითქოს მსგავსი რამ ხდება შესაბამის დაწესებულებაში, რაც აბსოლუტური ტყუილია. ამ კონტექსტში საუბრობს „საია“, ამ კონტექსტში ავრცელებს ტყუილსა და დეზინფორმაციას ერთ-ერთი მსჯავრდებული პირი, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა ე.წ. პოლიტიკოსი აჰყვა. საბოლოო ჯამში, სურთ დახატონ სურათი, თითქოს პენიტენციურ სისტემაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დროინდელი ვითარება დაბრუნდა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი, რაც დადასტურდა როგორც პენიტენციური სამსახურის დღევანდელი განცხადებით, ისე გავრცელებული ვიდეოებითაც“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
რა მოხდა რუსთავის ციხეში - პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.
კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.
პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს - ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.