„დმანისობა“ - 50 ათასი, „ხაშურობა“ - 93 ათასი: რამდენს ხარჯავენ მუნიციპალიტეტები დღესასწაულებსა და სუფრებზე

04.10.26 17:59
„დმანისობა“ - 50 ათასი, „ხაშურობა“ - 93 ათასი: რამდენს ხარჯავენ მუნიციპალიტეტები დღესასწაულებსა და სუფრებზე

 

 

რეგიონებში სადღესასწაულო ღონისძიებებზე ათიათასობით ლარი იხარჯება - კონცერტებში მონაწილეობენ მათ შორის ხელისუფლების მხარდამჭერი მუსიკოსებიც. მხოლოდ „დმანისობის“ აღნიშვნა ადგილობრივ ბიუჯეტს 50 ათასი ლარი, „ხაშურობა“ კი 93 ათასი ლარი დაუჯდა.

ხარჯები მხოლოდ კონცერტებით არ შემოიფარგლება. „დმანისობის“ დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის მერიამ მიწვეულ სტუმრებს რესტორანში უმასპინძლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 11 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამ ხარჯების მიზნობრიობასა და მუნიციპალიტეტების მიერ საბიუჯეტო თანხების განკარგვის პრაქტიკას ექსპერტებიც აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია ბიუჯეტიდან სარესტორნო მომსახურების დაფინანსება, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური არარაციონალურ ხარჯად მიიჩნევს.

ბესიკ დონაძის თქმით, მუნიციპალიტეტის თანხები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას უნდა ხმარდებოდეს და არა მერების შეხედულებისამებრ გასართობ ღონისძიებებსა და რესტორნებს.

არ შეიძლევა მუნიციპალიტეტების მერები მათი შეხედულებისამებრ ხარჯავდნენ რესტორნებში ფულს. სარესტორნო ხარჯთან დაკავშირებით კონკრეტული მოსაზრება აქვს აუდიტის სამსახურს და პირდაპირი მითითებაა, რომ არის არარაციონალური ხარჯი. ლენტეხობასთან დაკავშირებით დახარჯეს 30 ათასი ლარი. ეს არის ის ფული, რომელიც უნდა მოხმარდეს ლენტეხის საზოგადოებას და ამ ფულმა უნდა მოიტანოს როგორც საზოგადოებრივი, ასევე მუნიციპალური სიკეთე, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

მსგავსი სიახლეები