იუსტიციის მინისტრი გიორგი დავითაძის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს
იუსტიციის მინისტრი გიორგი დავითაძის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს - პაატა სალიამ თქვა, რომ ის მსჯავრდებულის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას პირადად იღებს.
მინისტრი არ პასუხობს კითხვას რატომ რჩება მსჯავრდებული იმ დაწესებულებაში, სადაც ამ დრომდე მუშაობენ ციხის ის თანამშრომლები, რომელსაც პატიმარი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
პაატა სალიამ დააანონსა, რომ დღეს სამინისტროში ამ თემაზე ბრიფინგი ჩატარდება, სადაც საქმის ირგვლივ ყველა შეკითხვას უპასუხებს.
"ცოტა მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს, ყველას დაგიძახებთ და გექნებათ ნებისმიერი შეკითხვის დასმა. ყველა პატიმრის სიციცხლე და უსაფრთხოება დაცულია. ჩვენ ვაკვირდებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. იცით გუშინდელი გარემოების შესახებ. თავად გადაწყვიტა [კლინიკაში] გადაყვანაზე უარი"- თქვა სალიამ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.
უწყების მტკიცებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.
თავად დავითაძე ამბობს, რომ ის N6 პენიტენციური დაწესებულებაში ბადრაგმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურა.
თავის მხრივ სპეციალური პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მსჯავრდებულის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა.