საია-მ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გამოაქვეყნა ანგარიში „საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სისტემური ანალიზი ზოგად ღონისძიებებთან მიმართებით“.
საია-ს ინფორმაციით, დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აუცილებელია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების გამომწვევი სისტემური, საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პრაქტიკული მიზეზების აღმოსაფხვრელად და მსგავსი დარღვევების განმეორების თავიდან ასაცილებლად.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლიდან ზოგიერთ სფეროში იკვეთება არა მხოლოდ აღსრულების პროგრესის შეჩერება, არამედ უკუსვლა, რაც შვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ ძალის დემონსტრირების, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენების, დისკრიმინაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებს გულისხმობს.
საია აღნიშნავს, რომ უფლებრივ სფეროებში განმეორებით იკვეთება ურთიერთდაკავშირებული პრობლემები, რაც გულისხმობს, მაგალითად, მინისტრთა კომიტეტების და სახელწმიფოს ეფექტურ თანამშრომლობას.
ვრცლად იხილეთ განცახდებაში:
2026 წლის 17 სექტემბრის მონაცემებით, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის, წამყვანი საქმეების აღსრულების პროცენტული მაჩვენებლით (წამყვანი საქმეების რა პროცენტზე დასრულდა ზედამხედველობა), საქართველოს მაჩვენებელი 65%-ს შეადგენს. საქართველოს შემდეგ მოდიან: უნგრეთი - 55%; უკრაინა - 54%; ალბანეთი - 53%; აზერბაიჯანი - 25%; რუსეთის ფედერაცია (არაწევრი სახელმწიფო) - 24%.
აღსანიშნავია, რომ ზედამხედველობის დახურვის პროცენტული მაჩვენებელი, თავისთავად, არ ასახავს, რამდენად რეალურად და მდგრადად აღმოიფხვრა ევროპული სასამართლოს მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილებების აღსრულების შეფასება არ უნდა დაეფუძნოს მხოლოდ ფორმალურ სტატისტიკურ მონაცემებს. საჭიროა სახელმწიფოს მიერ გატარებული ზოგადი ღონისძიებების, მათი რეალური ეფექტისა და მინისტრთა კომიტეტის შეფასებების შინაარსობრივი ანალიზი.
ამ მიზნით, დოკუმენტში თითოეული საქმის ან საქმეთა ჯგუფის შემთხვევაში შეფასებულია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის ხასიათი და გამომწვევი მიზეზი; მინისტრთა კომიტეტის მიერ მოთხოვნილი ზოგადი ღონისძიებები; სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ან დაგეგმილი ნაბიჯები; ამ ნაბიჯების შესაბამისობა კონვენციის სტანდარტებთან; და მათი პრაქტიკული ეფექტი.
ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, განსაკუთრებით კი, ზოგადი ღონისძიებების აღსრულების პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი სისტემური გამოწვევებით ხასიათდება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ 2024 წლიდან ზოგიერთ სფეროში იკვეთება არა მხოლოდ აღსრულების პროგრესის შეჩერება, არამედ აშკარა უკუსვლა. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ ძალის დემონსტრირების, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენების, დისკრიმინაციისა და გენდერული იდენტობის საკითხების, ასევე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მიმართულებით.
სხვადასხვა უფლებრივ სფეროში განმეორებით იკვეთება რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული პრობლემა:
ხშირია აცდენა მინისტრთა კომიტეტის მიერ მითითებულ საჭირო ღონისძიებებსა და სახელმწიფოს რეაგირებას შორის. ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრთა კომიტეტს მიუთითებს საკანონმდებლო ჩარჩოზე, გადამზადების პროგრამებზე, სტატისტიკურ მონაცემებსა ან ცალკეულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ ადასტურებს, რომ შესაბამისი ღონისძიებები პრაქტიკაში ეფექტიანად უმკლავდება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სისტემურ ხარვეზებს.
პრობლემად რჩება ფორმალურ რეფორმებსა და პრაქტიკაში მათ ეფექტიან განხორციელებას შორის არსებული მნიშვნელოვანი სხვაობა. კანონმდებლობისა ან ინსტიტუციური მოწყობის ცვლილებები ხშირად ვერ უზრუნველყოფს უფლებების რეალურ დაცვას, ეფექტიან გამოძიებას, სასამართლო კონტროლს, დაზარალებულთა მონაწილეობასა ან სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას.
აღსრულების პროცესში განსაკუთრებით მწვავედ იკვეთება დამოუკიდებელი და ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმების არასათანადო ქმედითობა ან შესუსტება.
აღსრულების პროცესისთვის უარყოფითი მდგენელია სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, უფლებადამცველებისა და კრიტიკული აზრის მქონე პირების მიმართ მზარდი შემზღუდველი გარემო. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი, გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და სხვა შემზღუდველი საკანონმდებლო ინიციატივები ეწინააღმდეგება კონვენციის ღირებულებებს და ასუსტებს იმ აქტორების შესაძლებლობებს, რომლებსაც აღსრულების პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ.
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებების, სახელმწიფო ორგანოების მიერ წარმოდგენილი სამოქმედო დოკუმენტების, ეროვნული და საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მასალების შეჯერებული ანალიზის საფუძველზე, ანგარიშში იდენტიფიცირებულია ძირითადი მიგნებები და შემუშავებულია რეკომენდაციები თითოეულ უფლებრივ საკითხთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების გასაუმჯობესებლად. - აღნიშნულია განცხადებაში.