ბიზნესმენ მამუკა წერეთლის 19 წლის შვილის და ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

06.10.26 10:15
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის 19 წლის შვილის და ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

53 წლის  ელენა წერეთლისა და მისი ქალიშვილის მკვლელობასა და  ცხედრების დანაწევრებაში ბრალდებულ თეიმურაზ გოგიაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა — კაცმა ჩადენილი დანაშაული ნაწილობრივ აღიარა და მან საგამოძიებო უწყებას ის სახლი და ავტოფარეხიც უჩვენა, სადაც ჯერ დედა-შვილი მოკლა, შემდეგ კი ცხედრები დაანაწევრა.

საზარელი მკვლელობა მოსკოვში რამდენიმე დღის წინ მოხდა - რუსული გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული  მოკლული ქალის ბიზნეს პარტნიორი იყო -დანაშუალი კი ანგარების მიზნით ჩაიდინა.

ელენა წერეთლის ცხედარი მოსკოვში, ჟულებინის ბულვარზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში დანაწევრებული იპოვეს. მედიის ცნობით, ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, რის შემდეგაც მისმა დამ სამართალდამცველებს მიმართა. ბინაში შესულმა მაშველებმა ქალის ცხედარი აივანზე აღმოაჩინეს.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველები თეიმურაზ გოგიაშვილის კვალზე გავიდნენ. მოგვიანებით, ახალ მოსკოვში მდებარე ავტოფარეხში, რომელიც გამოძიების ინფორმაციით გოგიაშვილს ეკუთვნოდა, ელენა წერეთლის 19 წლის შვილის, დარიას ცხედარიც იპოვეს.

გოგიაშვილი ვორონეჟის ოლქში დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. რუსეთის საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, მისი გადაადგილების მარშრუტები ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე აღადგინეს. დაკავების დროს მასთან ერთად იმყოფებოდა 40 წლის ქალი, რომლის შესაძლო მონაწილეობასაც გამოძიება ამოწმებს.

რუსული მედიის ცნობით, გოგიაშვილი რუსეთის ბინადრობის უფლებას ფლობდა.

მსგავსი სიახლეები