პატიმარ დავითაძის ოჯახი პენიტენციურთან აქციას მართავს და ლევან იოსელიანს პასუხობს
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახი სახალხო დამცველს პასუხობს. საუბარია ლევან იოსელიანის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ „კადრებში რაც ნახა, არ ჩანს, რომ გიორგი დავითაძე თითით გააუპატიურეს“.
"ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს" - თქვა პენიტენციური სამსახურის წინ მიმდინარე აქციაზე ავთანდილ დავითაძემ.
მისი თქმით, ლევან იოსელიანი მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს.
საქართველოში სახალხო დამცველი უკვე აღარ გვყავს! ეს არის ამ ხელისუფლების დამცველი და მგონი ისეა დაშინებული, როგორც გიორგის მოექცნენ, ისე რომ არ მოექცნენ, ამიტომაც ვეღარაფერს ამბობს. ეს კაცია ლევან იოსელიანი, რომელიც არა ხალხის უფლებებს და წამებული ადამიანის უფლებებს იცავს, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს“, - განაცხადა დავითაძემ.
ამ წუთებში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ. ადგილზე სიმბოლურად მიიტანეს სამედიცინო ხელთათმანები.
პატიმრის ოჯახის წევრები ციხის ადმინისტრაციის პასუხსიმგებლობის საკითხს აყენებენ და ითხოვენ თანამდებობიდან გადადგეს ციხის უფროსი, შოთა ტრაპაიძე, ძალადობაში მხილებული ბადრაგი, გიორგი კვარაცხელია და ციხეების უფროსი, გიორგი პატარიძე.
მსგავსი უსუსური სახალხო დამცველი ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია არასდროს. გუშინ დავიტანჯე და მეცოდებოდა, რომ ვუყურებდი. ადამიანს სახეზე ფერი არ ედო, სახე უკანკალებდა და არარ იქნებოდა რა ეთქვა. ვითოვთ გადადგეს შოტა ტრაპაიძე, დაიწყოს მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა. ასევე გიორგი კვარაცხელიას მიმართაც დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. გადადგეს ეს გიორგი პატარიძე, რომელიც ტყუის და თან მადლობას უხდის ამ მოძალადეებს", - ამბობს ირმა დავითაძე.
ბატონო გიორგი პატარიძე, ერთი გიორგი დავითაძის ნათქვამი და მოწოდება არ იყო საკმარისი დაიჭიროთ, ან პირველ რიგში, გადააყენოთ შოთა ტრაპაიძე. ლაშა ჩაჩანიძემ გუშინ თქვა, რომ შოთა ტრაპაიძე პირადად იღებდა მონაწილეობას მის ხელკეტებით ცემაში. ეს არ არის საკმარისი, რომ შოთა ტრაპაიძე დაკავებულ იქნეს. ის რაც თვითონ დააშავეს, მაგაზე ექსპერტიზას არ ჩაატარებდნენ, იმიტომ, რომ დაემხობოდათ თავზე ის კადრები, რაც თვითონვე გამოაქვეყნეს", - აცხადებს გიორგი დავითაძის ცოლი, თაკო რამიშვილი.
გიორგი დავითაძის ოჯახი ასევე ითხოვს, პირდაპირი ეთერი დაუთმოს "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა". ავთანდილ დავითაძემ ცოტა ხნის წინ პენიტენციურთან შეკრებილებს მოუწოდა, რომ მსვლელობით სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ დაიძრნენ.
მე, როგორც მშობელი, მოვითხოვ, პირველ რიგში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაგვითმოს ეთერი, რატა სრული სიმართლე მივიტანოთ საზოგადოებამდე. ასევე დაუყოვნებლივ გადაყენებული იქნას თანამდებობიდან გიორგი პატარიძე, ასევე უფლებამოსილება შეუწყდეს ციხის უფროსს, შალვა ტრაპაიძეს და ყველა იმ ბადრაგს, ვინც პირადად ღებულობდა მონაწილეობდა, ჩემი შვილის ღირსების შელახვაში", - აცხადებს ავთანდილ დავითაძე.
36 წლის გიორგი დავითაძემ პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. კაცმა სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა.
პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.
კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
პატიმრის ოჯახი ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომას და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.