რუსეთმა უკრაინაზე მასირებული შეტევა მიიტანა - არის მსხვერპლი
დრონებით შეტევა საავადმყოფოებზე, საცხოვრელებლ სახლებსა და სკოლებზე - რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი საჰაერო იერიში მიიტანა. ეპიცენტრი ქალაქი კრივოი-როგი იყო.
საავადმყოფოს გარდა დაზიანებულია კორპუსები, სამხატვრო სკოლა და ადმინისტრაციული შენობები. დაჭრილია სულ მცირე ხუთი ადამიანი. ორი მათგანი საავადმყოფოს თანამშრომელია და მათი მდომარეობა კრიტიკულია.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, კიევის რამდენიმე რაიონში დარტყმა იყო არასაცხოვრებელ შენობებსა და საწყობებზე. დაიღუპა სულ მცირე, ორი ადამიანი.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა ქალაქ დნეპრში სამრეწველო საწარმოს დაარტყეს. განჟას კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიხაილო სემიკინის ცნობით, ქალაქ ზაპოროჟიეში შეტევა იყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტზე. კონკრეტული ობიექტი არც მას დაუსახელებია.
ჩერნიგოვის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის შედეგად მსხვერპლია რეგიონის ქალაქ პრილუკიში. დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. დარტყმა იყო მრავალბინიან სახლზე, ბავშვთა ხელოვნების სახლსა და საწარმოზე.
პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა ქალაქ კრემენჩუგში, სადაც დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები და საწარმო.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა კიროვოგრადის ოლქის ქალაქ ოლექსანდრიაში, სადაც დარტყმა იყო ერთ-ერთ საწარმოზე.