პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვა იგეგმება - კალაძე

07.10.26 11:33
პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვა იგეგმება - კალაძე

კახა კალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, შსს-თან ერთად, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვაზე მუშაობა დაავალა.

როგორც კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საერთაშორისო პრაქტიკაში ეს არის აპრობირებული მეთოდი იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც საავტომობილო ნაკადი დიდია და მხოლოდ შუქნიშნით მოძრაობის რეგულირება საკმარისი არ არის.

"ალბათ, ყველას, ვინც საჭესთან ვართ, შევსწრებივართ შემთხვევებს, როდესაც გზაჯვარედინზე ანთებულია მწვანე, მაგრამ წინ გადაადგილება შეუძლებელია, მძღოლები მაინც ცდილობენ გზაჯვარედინზე გასვლას, ამით კი სხვა მიმართულებით მოძრავი ავტომობილების მძღოლებს არ აძლევენ გადაადგილების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას იწვევს ყველა მიმართულებით. 

ყოველდღიურად გვხვდება მოძრაობის ასეთი ჩაკეტვა, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და პრობლემად იქცევა.  შესაბამისად, ეს საჭიროებს დარეგულირებას. "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ შუქნიშანზე მწვანე მაშუქის შემთხვევაშიც კი, მძღოლი არ უნდა გადავიდეს გზაჯვარედინზე, თუ ის, სავარაუდოდ, გაჩერდება და დააბრკოლებს მოძრაობას, თუმცა რთულია ადმინისტრირება და ამ ნაწილში კანონის აღსრულება. 

საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ გზაჯვარედინებზე ძალიან კარგად მუშაობს საგზაო კვადრატების ქსელი (ე.წ. Yellow box). ბევრ ქვეყანაში ეს აპრობირებული მეთოდია იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და, შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად, პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა. ამ ტიპის პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით. შესაბამისად, მინდა, დავავალო ჩვენს სამსახურს - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, დაიწყონ მუშაობა ამ საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტა დაგვეხმარება იმაში, რომ გარკვეულწილად მძღოლებს გადაადგილება შევუმსუბუქოთ"- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები